შსს-ს ინფორმაციით, გამოკითხეს ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები და მიხეილ ჩოხელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა თორდიას საქმეზე გამოკითხეს ოთარ ფარცხალაძის მეგობარი მიხეილ ჩოხელი და ფარცხალაძის დაცვის წევრები.

“თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებში გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის, მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები,”- წერს ფეისბუკზე შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

თავად ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი