გიორგი მამალაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5.05.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

პროტესტის გამო დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა მას შემდეგ შეწყდა, რაც პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს დეკანოზმა და მისმა ადვოკატებმა.

საქმის განხილვას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი 30 მაისს, 11:00 საათზე, გააგრძელებს.

დეკანოზის პროტესტი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა.

გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ბრალდების მხარე დეკანოზს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებს. სწორედ საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრების დეტალების შესაძლო გასაჯაროების თავიდან აცილების მოტივით ითხოვდა პროკურატურა სხდომის დახურვას და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა მოსამართლემაც.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, თუკი ადვოკატები მომდევნო სხდომაზე არ დაბრუნდებიან, დეკანოზ მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარე შეეცდება დეკანოზის დათანხმებას, რომ განაგრძონ მისი დაცვა სასამართლოში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მამალაძემ განაცხადა, რომ პროკურატურას იგი აეროპორტში კი არ დაუკავებია, არამედ  დააკავეს მანქანაში, ხოლო გაჩხრიკეს პროკურატურაში. ბრალდებული მიუთითებს, რომ დაკავება მისი უფლებების დარღვევით მოხდა.

ამ ინფორმაციას უარყოფს პროკურატურა და აცხადებს, რომ მისი დაკვება მოხდა კანონის სრული დაცვით.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, ასევე – საპატრიარქოც, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა. პროკურატურის მოთხოვნები გაითვალისწინა სასამართლომ და დააკმაყოფილა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს.  მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი კი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com