ახალი ამბები

ნონა წოწორია: შსს-ს ქმედებები სტრასბურგის სასამართლოში ჩემს საქმიანობას უკავშირდება

19 მაისი, 2017 • 4127
ნონა წოწორია: შსს-ს ქმედებები სტრასბურგის სასამართლოში ჩემს საქმიანობას უკავშირდება

“ფეისბუკზე” ვრცელდება სტრასბურგს სასამართლოს მოსმართლის, ნონა წოწორიას განცხადება, სადაც იგი ეხმაურება 18 მაისს მისი ძმის, ოთარ წოწორიას ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკას და იარაღის ამოღებას:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ა.წ. 18 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად მივიჩნევ განვაცხადო შემდეგი:

18 მაისს, დაახლოებით 19 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ქ. ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემ მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში,”- აცხადებს ნინა წოწორია.

18 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა, უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომლებზეც ექსპერტიზები დაინიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ოთარ წოწორიასთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი