მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ევროსაბჭო: საქართველო 23–ე ქვეყანაა, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის რატიფიცირების ფაქტი. საქართველო 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

როგორც ევროპის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი, თავის მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს. მათ შორისაა ოჯახური ძალადობაც, რომელიც არაპროპორციულად, დიდი მასშტაბით ეხება ქალებს. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში, სხვა გზებთან ერთად, შესაძლებელია პოლიციისათვის დამნაშავის თავისი სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.

კონვენციის ასამოქმედებლად საჭიროა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა რიგი ქმედებების კრიმინალიზება მოახდინონ, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. აღნიშნული ქმედებები შეიძლება მოიცავდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას და გაუპატიურებას, ადევნებას, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, იძულებით ქორწინებას, იძულებით აბორტსა და იძულებით სტერილიზაციას. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კულტურა, ტრადიციები ან ე.წ. ღირსება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევის გამამართლებელ ფაქტორად არ ჩაითვალოს.

ოჯახურ ძალადობას მხოლოდ ქალები და გოგონები არ განიცდიან. შესაბამისად, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ოჯახში ან ოჯახურ წრეში ძალადობის ყველა მსხვერპლის, მათ შორის, მამაკაცებისა და ბიჭების, მიმართ დამცავი ჩარჩო გამოიყენონ.

კონვენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მხარეთა მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე. GREVIO თავის პირველ დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ვინაიდან საქართველომ მხოლოდ ახლახან მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით მომზადდება.

2017 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 24 კანონში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.