მელია: წოწორიას შემთხვევა იმ ოპერიდანაა, რასაც სამართალდამცავების კანონდარღვევა ჰქვია

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების ამოღება მისი დის, ევროპული სასამართლოს მოსამართლის ფაქტორს უკავშირდება.

ნიკა მელიას განცხადებით, ეს საქმე  ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. მისივე აზრით, ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების რეპუტაცია იმდენად არის შელახული, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა აღძრავს წარმოუდგენლად დიდ ეჭვს.

“ექვსი საათის განმავლობაში ატარებდნენ ჩხრეკას ოთარ წოწორიას სახლში, ამის შემდეგ ის არც დაკითხულია, არც ბრალი აქვს წარდგენილი. ვფიქრობ, ხელისუფლებამ შუა გზაზე გადაიფიქრა მისი დაკავება. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს საქმე უკავშირდება მისი დის საქმიანობას. ქვეყანაში კვირა ისე არ გადის, რომ ხელსუფლება სკანდალში არ გაეხვეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ბატონ ოთარ წოწორიას შემთხვევაც იმ ოპერიდანაა, რომელსაც ჰქვია კანონდარღვევა სამართალდამცავების მხრიდან. ”

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის ანგარიშსწორება და იმის მცდელობა, რომ ადგილობრივი  მოსამართლეებისთვის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იყოს:

“ეს არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები ხელისუფლების და პროკურატურის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ გამოიტანენ, ამ მოსამართლეების ოჯახის წევრები დაუცველები იქნებიან. რამდენიმე დღეში ბევრი რამ გაირკვევა. როგორც ჩანს, ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ”

_______________________________________

სს-ს განცხადებით, ოთარ წოწორიას სახლიდან  პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ოთარ წოწორია დაკავებული არ არის. მისი ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის ცნობით, ოთარ წოწორიასთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

ოთარ წოწორია მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას თავისი დის საქმიანობას უკავშირებს.

იგი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც პოლიციამ ამოიღო, მას არ ეკუთვნის და არც ის იცის, თუ როგორც გაჩნდა მის სახლში:

“აბსოლუტურად წარმოუდგენელია, საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან,”- ამბობს ოთარ წოწორია.

ოთარ წოწორიას თქმითვე, მისი სახლი არ იკეტება:

“ჩემი სახლი არ იკეტება. შიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ერთი კარი არ იკეტება. ფიზიკურად, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ, ჩემი სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 8 დღის გამავლობაში სახლი იყო უკონტროლოდ, უბრალოდ გარედან დაკეტილი.

დაახლოებით თვენახევრის წინ იყვნენ ჩემთან, ავტოფარეხში მოსული. მე ვარ ავტოფარეხის მეპატრონე, ასევე, ლიდერი სპეციალისტი, შეამოწმეს დანადგარები, მოოთხვეს დანადგარების პასპორტები, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და განბაჟების საბუთებიდან დაწყებული შეძენის საბუთებამდე ყველაფერი არსებობს. რამდენიმე შეამოწმეს, მოტრიალდნენ და წავიდენენ,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ უკავშირებს საკუთარი დის საქმიანობას ამ ყველაფერს, ოთარ წოწორია პასუხობს:

“ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.