პროკურატურა სხდომის დახურვის მოთხოვნისას მამალაძის პირადი ცხოვრების დაცვაზე მიუთითებს

დეკანოზ გიორგი მამალძის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზადაა, სასამართლოზე შესავალი სიტყვა წარმოთქვას, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ როგორ გეგმავდა მკვლელობას ბრალდებული გიორგი მამალაძე. რა იყო მისი მოტივი და მიზანი:

“ჩვენს შესავალ სიტყვაში მოვახდენთ იმ მტკიცებულებების დემონსტრირებას, რომელიც ნებისმიერ ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა ანგარებით მკვლელობას”,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა, რომ ინფორმაცია დაემალა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა დღეს დააყენეს სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა. მანამდე, მედიასთან საუბრისას, პროკურატურამ ამ მოთხოვნის დაყენების მოტივის შსახებ ილაპარაკა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე გააკეთა მინიშნება:

“თუმცა წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, და პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებას საფრთხე შექმნოდა. გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ უნდა გახდეს. არსებითი განხილვის დროს ჩვენ დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ ყველა მტკიცებულება, დღესაც უნდა დავაყენოთ შუამდგომლობა შემდგომი სასამართლო სხდომების დახურვის თაობაზე. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულის პიროვნებასაც, მის პიროვნულ მახასიათებლებს, შეეძლო თუ არა ამ კონკრეტულ პიროვნებას დაეგეგმა მკვლელობა ანგარების მიზნით. შესაბამისად, მისი პირადი ცხოვრება და ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს”,- განაცხადა პროკურორმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა ”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com