დეკანოზ მამალაძის ადვოკატები - გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე, ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი. 19.05.2017

დეკანოზის ადვოკატი: პროკურატურას ბევრი აქვს დასამალი, ამიტომ ითხოვს პროცესის დახურვას

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია:

“ჩვენი პოზიცია კვლავ არის უცვლელი – სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად ღია, რათა მიეცეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება, რომ დაესწრონ და ჩაატარონ მონიტორინგი, ასევე, დაესწროს საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა, და არა მხარეებისგან მიიღოს ინფორმაცია, არამედ ნეიტრალური მხარიდან მიიღოს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია კვლავ არის ის, რომ პროცესი იყოს ღია”.

დღესაც, ისე როგორც წინასასამართლო სხდომაზე, პორკურატურა ითხოვს პროცესის დახურვას.

“რაც შეეხება უშუალოდ პროკურატურის პოზიციას, მე არ მიკვირს, რომ მათ დახურვის სურვილი აქვთ, ვინაიდან მათ დასამალი აქვთ ძალიან ბევრი და ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სასამართლოდან, თუ რის დამალვას ცდილობენ დღემდე.

აქედან გამომდინარე საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ წინა სასამართლო პროცესზე, როცა დახურვის შუამდგომლობა დააყენეს და უნდოდათ, რომ ეს შუამდგომლობაც ყოფილიყო დახურული ფორმით, რისი საშუალებაც არ მივეცით, თქვენ, ჟურნალისტებმა დაინახეთ, რომ არაფერი იქ არ იყო ისეთი, რომლის დახურვაც იქნებოდა აუცილებელი. ამდენად, პროკურატურას ახალი  არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არა აქვს, რომ სასამართლო დაიხუროს.

მოსამართლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ეს სასამართლო პროცესი იყოს თავიდან ბოლომდე ღია”, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
დღეს, 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com