IMG_8964

სამინისტროს თხოვნა და საპატრიარქოს პასუხი პარაფინიანი სანთლების შეზღუდვაზე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მომხრეა, ეკლესიებში პარაფინის შემცველი სანთლის გაყიდვა დარეგულირდეს. როგორც პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, საპატრიარქო იზიარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივას, რომ პარაფინი ცვილის სანთლით ჩანაცვლდეს.

“ამდენ ხარჯს ვიღებთ ტაძრის მოხატვაზე და პარაფინის სანთელი ერთ-ორ დღეში არა, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდ ზეგავლენას ახდენს და აფუჭებს მას წლების განმავლობაში. ნამდვილად რაციონალური აზრია და ვფიქრობთ, რომ შევჯერდებით. საპატრიარქო მომხრეა, რომ ვიმსჯელოთ ამაზე,” – ამბობს ბოტკოველი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საპატრიარქოს საერთო საბჭოს ფარგლებში განიხილება საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტაძრების რესტავრაციის, განახლებისა და სხვა საკითხები. კულტურის სამინისტოს ცნობით, ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ტაძრებში პარაფინის შემცველი სანთლების გაყიდვის საკითხიც დაისვა. სააგენტო საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, რომ შეზღუდოს ან საერთოდ აღარ გაყიდოს ეკლესიებში პარაფინიანი სანთლები. სააგენტო უმჯობესად მიიჩნევს, რომ პარაფინი ჩაანაცვლოს ცვილით, რადგან დიდია ზიანი, რომელსაც ამ ნივთიერების წვის შედეგად გამოყოფილი ჭვარტლი კედლის მხატვრობას აყენებს.

საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, მაგრამ, როგორც მიქაელ ბოტკოველი ამბობს, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ამ იდეას. მისი თქმით, ჩანაცვლებას ხელს უშლიდა ცვილის მაღალი ფასი.

“ჩვენს ინტერესებში ნამვილად არ არის, რომ პარაფინის სანთელი იყიდებოდეს. რადგან სუფთა ცვილის მოძიება საკმაოდ ძვირადღირებულია და ამდენი რაოდენობაც შესაძლოა არ იყოს, ამიტომ არსებობდა ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ და გამოვიჩენთ ინიციატივას, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად დავარეგულიროთ – პარაფინის სანთელი ან მინიმუმამდე დავიყვანოთ, ან საერთოდ აღარ გამოვიყენოთ ეკლესიაში.”

რესტავრატორები აღნიშნავენ, რომ პარაფინის წვისაგან გამოწვეული დაზიანებები და მსგავსი სახის ჭვარტლი თითქმის ყველა ტაძარსა და ეკლესიაში გვხვდება, თუმცა მათი ნეტაგიური ეფექტი ადვილი შესამჩნევი არ არის. ვარძიის დაზიანებულ ფრესკებზე მუშაობისას რესტავრატორი ნანა კუპრაშვილი ნეტგაზეთთან ეკლესიებში ამ მხრივ შექმნილ რთული ვითარების შესახებაც საუბრობდა.

“პატარა ეკლესიებიც რომ ავიღოთ, სადაც მთელი დღე ხრჩოლავს პარაფინის სანთლები, იქ ამ წვას უარესი ეფექტი აქვს. ის ნელ-ნელა შედის და ჯდება ფრესკებში და საფუძვლიანად აზიანებს მას,” – ამბობს კუპრაშვილი.

საპატრიარქო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამ საკითხის შესახებ შემდეგ შეხვედრაზეც იმსჯელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი