ახალი ამბები

ოთარ წოწორია ჩხრეკას და იარაღის ამოღებას თავისი დის წინააღმდეგ მიმართულად აფასებს

19 მაისი, 2017 • 3326
ოთარ წოწორია ჩხრეკას და იარაღის ამოღებას თავისი დის წინააღმდეგ მიმართულად აფასებს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას თავისი დის საქმიანობას უკავშირებს.

იგი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც პოლიციამ ამოიღო, მას არ ეკუთვნის და არც ის იცის, თუ როგორც გაჩნდა მის სახლში:

“აბსოლუტურად წარმოუდგენელია, საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან,”- ამბობს ოთარ წოწორია.

ოთარ წოწორიას თქმითვე, მისი სახლი არ იკეტება:

“ჩემი სახლი არ იკეტება. შიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ერთი კარი არ იკეტება. ფიზიკურად, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ, ჩემი სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 8 დღის გამავლობაში სახლი იყო უკონტროლოდ, უბრალოდ გარედან დაკეტილი.

დაახლოებით თვენახევრის წინ იყვნენ ჩემთან, ავტოფარეხში მოსული. მე ვარ ავტოფარეხის მეპატრონე, ასევე, ლიდერი სპეციალისტი, შეამოწმეს დანადგარები, მოოთხვეს დანადგარების პასპორტები, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და განბაჟების საბუთებიდან დაწყებული შეძენის საბუთებამდე ყველაფერი არსებობს. რამდენიმე შეამოწმეს, მოტრიალდნენ და წავიდენენ,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ უკავშირებს საკუთარი დის საქმიანობას ამ ყველაფერს, ოთარ წოწორია პასუხობს:

“ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ”.

ოთარ წოწორია. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

ოთარ წოწორია. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

ოთარ წოწორიას ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის ინფორმაციით, პოლიციელებმა ამოიღეს ორი გლუვლულიანი სანადირო თოფი და ერთი მცირეკალიბრიანი თოფი, რომელიც გაფორმებული იყო ოთარ წოწორიაზე. ასევე, ამოიღეს ერთი პისტოლეტი და მასრები, რომელზეც, ოთარ წოწორია ამბობს, რომ არ იცის, საიდან აღმოჩნდა მის სახლში.

პოლიციელები ამოღებული იარაღით ხელში გამოდიან ოთარ წოწორიას სახლიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

პოლიციელები ამოღებული იარაღით ხელში გამოდიან ოთარ წოწორიას სახლიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

შსს-ს განცხადებით, ოთარ წოწორიას სახლიდან  პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ოთარ წოწორია დაკავებული არ არის. მისი ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის ცნობით, ოთარ წოწორიასთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

ნონა წოწორია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილ მოსამართლედ 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. 2004-2007 წლებში წოწორია საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის მარტში შეაჩერა რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. 2016 წელის ივნისში კი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის საჩივარი, რაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დიდ პალატაში გაასაჩივრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ სტრასურგის სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა ჩააგდეს, რათა ნონა წოწორიას ვადა გახანგრძლივებოდა და მერაბიშვილის საქმე განეხილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი