ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში, რომელიც ბათუმში მდებარეობს, კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა. სამართალდამცავების ნაწილმა სახლი უკვე დატოვა.
შსს-ს განცხადებით, ოთარ წოწორიას სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათივე ცნობით, ოთარ წოწორია დაკავებული არ არის.
ოთარ წოწორიას სახლში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ციალა ქათამაძე. იგი ამბობს, რომ აქ სახალხო დამცველის აპარატში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მივიდა. თუმცა, ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, ჩხრეკას არ დასწრებიან, მხოლოდ ოჯახის წევრებს და ადვოკატს გაესაუბრნენ, რომლებსაც ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და ამის დროც არ ყოფილა, ვინაიდან სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.
ჟურნალისტებთან ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ არც წოწორიას ოჯახის წევრებს და არც მათ ადვოკატს.