თორდია: აუდიტის პროცესში ფარცხალაძესთან ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს.

როგორც მან დღეს, 18 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესი არ ის, რომ არაფერი გამოიძიოს.

როგორც თორდია ამბობს, უნდობლობის საფუძველს აძლევს მსუბუქი მუხლი, რომლითაც მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ლაშა თორდიას აზრით, გამოძიება უნდა დაწყებულიყო 353 პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს  ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მუხლი 126. ძალადობა

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 მუხლი 353 (1) ხელისუფალზე თავდასხმა

პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

თორდიას მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ლაშა თორდიას თქმით კი, ვიდეოთვალის მიერ კუბურ კლუბ ელ სენტროში გადაღებულ კადრებს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს სიმართლის დასადგენად. მისი აზრით, საგამოძიებო სტრუქტურებს ამ საქმის გამოძიება რმ სურდეთ, ზემოხსენებულ კადრებს ხუთ წუთში დადებდნენ.

ლაშა თორდიას განცხადებით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებენ აუდიტის დასკვნას, რაც მისი მტკიცებით ოთარ ფარცხალაძის აგრესიის მიზეზი გახდა.

“დასკვნა დასრულებული არ არის. აუდიტორები დღესაც მუშაობენ, რომ საბოლოოდ ყველა მტკიცებულება მოვიპოვოთ და საჯარო გავხადოთ. ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს ამ დასკვნასთან დაკავშირებით ცალკე გავმართავ ჟურნალისტებთან შეხვედრას”.

იგი ასევე გამოეხმაურა ოთარ ფარცხალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ინციდენტი სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, ფარცხალაძე თვითონ ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

“დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა და  12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, მაგრამ 10 წამში შემიძლია მის ადვოკატსაც და მასაც დავმართო მასზე უარესი, რაც მათ მე დამმართეს”, – ამბობს თორდია და დასძენს, რომ ასეთ უაზრობებზე საუბრის გადატანა მისი ოპონენტის ტაქტიკაა. მისი თქმით, არ აქვს მნიშნელობა, რა სიმძიმის დასკვნას დადებს აუდიტის სამსახური.

“რომც არ იყოს მანდ კორუფცია, პრინციპი ის არის, უნდა სცემონ თუ არა თავისი საქმიანობის გამო გენერალური აუდიტორი?! თუმცა იმ დასკვნაში, რა თქმა უნდა, არის კორუფციული თემებიც”.

თორდიამ ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ აუდიტზე მუშაობის პროცესში სამსახურს ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, მისთვის უცნობია, საიდან იცოდა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომ აუდიტორი მისი და მერიის ურთიერთობის საკითხზე მუშაობდა. თორდია ვარაუდობს, რომ ფარცხალაძემ ეს იმ ობიექტისაგან გაიგო, რომელსაც აუდიტი სწავლობდა, ან რაიმე სხვა გზით.

“არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია ფარცხალაძესთან. როდესაც ვიკვლევთ, კომუნიკაცია გვაქვს იმ ობიექტთან, ვისთანაც ეს ფაქტი შედგა. არ წარმოადგენს პრობლემას, რომ  ვინც მას ეს საქმე გაუკეთა, მასვე ეთქვა, რომ აუდიტის სამსახური იკვლევს… ხელს არ ვადებ იმ ადამიანს, შეიძლება სხვა ფორმებითაც მომხდარიყო, [შეიძლება] უსმენდნენ ჩვენ აუდიტორს ან არ უსმენდნენ, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, გაეგო იმავე ობიექტიდან, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ”, – განაცხადა თორდიამ.


გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

თავად ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com