ახალი ამბები

სააკაშვილი ოპონენტებს კულტურული ძეგლების რესტავრაციის გაჭიანურებისთვის აკრიტიკებს

15 თებერვალი, 2013 • 1186
სააკაშვილი ოპონენტებს კულტურული ძეგლების რესტავრაციის გაჭიანურებისთვის აკრიტიკებს

“მეჩეთები არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნწარილი, ქართული კულტურის ნაწილი იმიტომ, რომ მუსულმანები რა თქმა უნდა არიან საქართველოს მოსახლეობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ძეგლები თურქეთში ასევე არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ჩვენი პოზიცია აქ ნათელია, რომ უნდა მოხდეს ქართული ძეგლების რესტავრაცია თურქეთში და უნდა პატივი ვცეთ ტრადიციულ ძეგლებს ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო ყოველთვის და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ამ საკითხზე. მე მივესალმები ამ მხრივ თანამშრომლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ მეზობლებთან. მეორეს მხრივ ის ხალხი ვინც ახლა მოვიდა მთავრობაში მთელი ეს პერიოდი ისტერიულ წინააღმდეგობას გვიწევდა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაში. მინდა ვთქვა, რომ ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი, ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ გაგვიჭიანურდა წარსულში ეს პროცესი და ჩვენი ძეგლები დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე ორი წლის წინ, როცა ეს მოლაპარაკებები დაიწყო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილის თქმით საგარეო პოლიტიკურ საკითხებს ქვეყანა ზეპარტიულად უნდა მიუდგეს, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის პოზიციებს იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის დედაქალაქში გამოვა სიტყვით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თურქეთში 14 თებერვალს გამართული ოფოციალური შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება, რომ ქართული მხარე ოშკისა და ოშხანის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება და წარმატებით გადაწყდა მეჩეთის აშენების საკითხიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მეჩეთისთვის ადგილი ბათუმში გამოიყოფა.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად, უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, საქართველოში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მურმან დუმბაძე, ერთ-ერთი იყო, ვინც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებს უწევდა ორგანიზებას, დღეს ის აცხადებს, რომ მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არაა, თუკი ეს ქართველი მუსლიმების სურვილია და არა სხვა სახელმწიფოსთან პოლიტიკური გარიგების შედეგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი