ახალი ამბები

გამარტივდება თუ არა საბერძნეთში ქართველი არალეგალების ლეგალიზაცია? – ელჩის განმარტებები

19 მაისი, 2017 • 3173
გამარტივდება თუ არა საბერძნეთში ქართველი არალეგალების ლეგალიზაცია? – ელჩის განმარტებები

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთთან დაიწყეს კონსულტაციები საბერძნეთში მცხოვრები ქართველი არალეგალებისთვის ლეგალიზაციის გამარტივებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული წინადადებები ბერძნული მხარისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ. ამასთან, რაიმე სპეციალური გამარტივებული პროცედურები არ იქნება მორგებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობენ.

ამ დროისთვის, როგორც ელჩმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, შეთანხება შედგა მასსა და საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს შორის. მან გამოყო სამართლებრივი ექსპერტი, რომელიც საელჩოსთან ერთად იმუშავებს. იოსებ ნანობაშვილის თქმითვე, საელჩო კონსულტაციებს გადის საბერძნეთში მომუშავე ქართველ ადვოკატებთან, რომელთაც კარგად იციან, თუ როგორ მუშაობს საბერძნეთის მიგრაციის კანონი პრაქტიკაში.

ელჩის განმარტებით, ამჟამად საელჩო ორი მიმართულებით მუშაობს:

პირველი მიმართულება- საბერძნეთის საემიგრაციო კანონის იმ დებულებების თავმოყრა და ყველასთვის გასაგებად ინტერპრეტირება, რომლებიც ლეგალიზაციის გამარტივებული წესით მიღებას ეხება. ამ პროცესში, ნანობაშვილის თქმით, საელჩოსა და ქართველი იურისტების გარდა, ჩართული არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც.

მეორე მიმართულება-  ნანობაშვილის თქმით, მუშაობენ ახალ საკანონმდებლო ინციატივებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული კატეგორიებისთვის მომავალში ლეგალიზაციის პროცედურას გაამარტივებს – “ეს, რა თქმა უნდა, არის ჩამოსაყალიბებელი, შესათანხმებელი ექსპერტებთან, სპეციალისტებთან და მერე შესათავაზებელი ბერძნულ მხარესთან”.

იოსებ ნანობაშვილი, ფოტო მისი ტვიტერიდან

იოსებ ნანობაშვილი, ფოტო მისი ტვიტერიდან

მისივე თქმით, ეს არ გულისხმობს სპეციალურად ქართველ არალეგალებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებების შეთავაზებას, თუმცა შეიძლება გამოიყოს ისეთი კატეგორიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შეესაბამება:

“ცხადია, მხოლოდ ქართველებისთვის ვერ შეიქმნება ასეთი საკანონმდებლო დებულება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად იმ ტიპის კატეგორია გამოვყოთ, რომელიც ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს შეესაბამება. მაგალითად, წარსულში მოქმედებდა კანონი, რომელიც ამარტივებდა ლეგალიზაციას იმ პირებისთვის, რომლებიც შშმ პირებს უვლიდნენ. ვეცდებით, ეს საკანონმდებლო ინციატივა გავაცოცხლოთ. შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს კატეგორიები, რომლებიც ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს მიესადაგება,”- განაცხადა მან.

ელჩის თქმით, საბერძნეთის საიმიგრაციო კანონში ახლახან, 28 მარტს შევიდა ცვლილება და დაემატა შესაძლებლობა – თუ ადამიანი დაასაბუთებს,  რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში იგი გადარიცხვებს აწარმოებდა საქართველოში, ეს შესაძლებელია გახდეს საფუძველი, რომ განაცხადი გააკეთოს ლეგალიზებაზე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ დრომდე რამდენმა არალეგალურად მყოფმა ქართველმა მოახერხა ლეგალიზაცია, ელჩი ამბობს, რომ ეს მონაცემები არ არსებობს:

“აბსოლუტურად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი არალეგალია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მიახლოებითი ციფრები, რომლის გაჟღერებასაც ვერიდებით საკითხის მგრძნობიარობის გამო. შესაბამისად, თუ ჩვენ არ ვიცით, რამდენი არალეგალი გვყავს, ასევე, ძნელი  იქნება თქმა, რამდენმა მიიღო ლეგალიზაცია,” – ამბობს ელჩი.

ელჩის თქმით, არალეგალი მიგრანტების ლეგალიზაციით საბერძნეთიც დაინტერესებულია:

“საბერძნეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, მიისწრაფის იქითკენ, რომ მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ლეგალურად არსებობდეს და მუშაობდეს ქვეყანაში. ასე რომ, ამ ინიციატივაში ყველას ინტერესია წარმოდგენილი… საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, უკვე ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვთ უკვე საბერძნეთის ცხოვრებაში. მათაც, ვინც ლეგალურად მუშაობს და მათაც – ვისაც ამჟამად ეს სტატუსი არ აქვთ. ვფიქრობ, ყველა მხარის ინტერესშია, ამ საკითხმა პროგრესი განიცადოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი