ახალი ამბები

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებისთვის

15 თებერვალი, 2013 • 1019
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებისთვის

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ადვოკატის უფლებამოსილება იზრდება:

“ადვოკატს ექნება უფლება თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით, გაასაჩივროს განაჩენები სააპელაციო და საკასაციო, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება, რისი უფლებაც აქამდე ადვოკატს თვითონ არ ჰქონდა. აგრეთვე ადვოკატს ექნება უფლება მოითხოვოს სასამართლოსგან ისეთი საგამოძიებო ქმედებების ჩატარება, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. რა თქმა უნდა ადვოკატი ამას თვითონ ვერ გააკეთებს, ამისათვის მას უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს, რომ სასამართლომ განახორციელებინოს საგამოძიებო ორგანოს ამოღების თუ ჩხრეკის ქმედება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, ცვლილებების პაკეტის მიხედვით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეეძლება არა მარტო სახელმწიფო, არამედ ნებისმიერ კვალიფიციურ ექსპერტს:

“ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ როდესაც საქმე ეხება პატიმარს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველა სერიოზულ, ლიცენზირებულ ექსპერტს მიეცეს საშუალება, რომ დადოს კომპეტენტური დასკვნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ცვლილებები შეეხება კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებსაც, მათ ექნებათ ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში გასცენ ინფორმაცია. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მანამდე ეს ვალდებულება არ არსებობდა და ხშირად, როდესაც მაგალითად მობილური ოპერატორები უარს აცხადებდნენ ინფორმაციის გაცემაზე, უსპობდნენ ადამიანს შესაძლებლობას ჰქონოდა ალიბი, თუკი ის დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულიად სხვაგან იმყოფებოდა.

წულუკიანის თქმით, ასევე, დაიწევს ჯარიმის ზედა ზღვარი სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისას და თუკი აქამდე მოსამართლეს შეეძლო 50–დან 5 000–მდე ლარით დაეჯარიმებინა პირი, ცვლილებების შესვლის შემთხვევაში ზედა ზღვარი 500 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი