ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ-აფხაზურ ახალ შეთანხმებას გმობს

18 მაისი, 2017 • 3659
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ-აფხაზურ ახალ შეთანხმებას გმობს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2017 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს გაავრცელა.

საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, “წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს”.

“ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა. ეს არის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს”.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, “კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი