ახალი ამბები

არა ხმაურს! – აქცია კანონის მიღების მოთხოვნით

18 მაისი, 2017 • 3483
არა ხმაურს! – აქცია კანონის მიღების მოთხოვნით

ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღების მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კანონის მიღების პროცესის გახანგრძლივებას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პარლამენტს ეს კანონი  1 ივლისიდან უნდა მიეღო და, რაც მთავარია, მასში უნდა ასახულიყო საჯარიმო სანქციები მათთვის, ვინც ღამით აწუხებს მოსახლეობას, ვისი ტექნიკური აგრეგატების ხმაურიც ხელს უშლის მაცხოვრებლებს, ასევე უნდა აკრძალულიყო სამშენებლო ღამის ხმაური, ახლა კი ფიქრობენ, რომ პროცესი შეიძლება შეფერხდეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნინო რატიანის თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ძველი თბილისის რაიონი, სადაც შენობა-ნაგებობების პირველი სართულების უმეტესობაში კაფე-ბარებია განთავსებული, მათგან გამოსული ხმაური კი მოსახლეობას აწუხებს:

“ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, რამდენიმე შეხვედრა უნდა შედგეს პარლამენტში, განიხილონ ეს კანონპროექტი. არ მოგვწონს კიდევ ის, რომ ევროპული ნორმებისგან განსხვავებით, ისინი უფრო მაღალი დეციბელების მიღებას აპირებენ, ამიტომაც გავაკეთეთ ეს მშვიდობიანი აქცია. სულ იმას იძახიან, რომ ბიზნესი შეიძლება დაზიანდეს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

არა ხმაურს! - აქცია პარლამენტთან. 18.05.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ნინო იოსელიანი, რომელიც აბანოთუბანში ცხოვრობს, ამბობს, რომ ხმაური ყველაზე დიდი პრობლემაა:

“ელექტრონული მუსიკა, ზაფხულში ღია ვერანდებზე გამოდიან მომღერლები, მღერიან და ერთმანეთში ირევა რამდენიმე რესტორნის მთელი ეს ხმაური. უკვე შეუძლებელია ღამით ძილი. ვერც ბავშვები იძინებენ, ვერც ჩვენ. მოვითხოვთ, რაც შეიძლება დაბლა დაწიონ ეს დეციბელები, ზაფხულის პერიოდში შეწყდეს ღია სივრცეში სიმღერა და გარე ხმაური, დააწესონ რაღაც დრო, თუნდაც ღამის 2 საათამდე,” – ამბობს აქციის მონაწილე ნინო იოსელიანი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ პარლამენტი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს მიმართავენ.

ხმაურის შესახებ საკანონმდებლო წინადადების ავტორი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით,  ხმაური დღის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს, უნდა იყოს დასჯადი. დღის საათებად ითვლება 07.00 საათიდან 23.00 საათამდე პერიოდი, ხოლო ღამის საათებად – 23.00 საათიდან 07.00 საათამდე პერიოდი. დღის საათებში ხმაური 40 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ღამის საათებში – 30 დეციბალს.

არა ხმაურს! - აქცია პარლამენტთან. 18.05.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2016 წლის 28 დეკემბერს მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმადაც, ხმაურის გამოწვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლიც შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს.

27 დეკემებრს გამართულ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ ხმაურის თაობაზე სამართლებრივი რეგულირება ჩაიწეროს კოდექსში. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სამუშო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს ახალი მუხლი, რომლითაც შემოღებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში შემღწევი ხმაურის გამომწვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ.

საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში პირველად 2016 წლის იანვარში შევიდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მაშინ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კენჭისყრაზე პროექტს 1 ხმა დააკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი