ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა

18 მაისი, 2017 • 6188
დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა

ქართველმა კადეტმა ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად ქართველ კადეტს უმაღლესი სამხედრო აკადემიის დიპლომი პირადად გადასცა.

„თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება – ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“ – ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი