ახალი ამბები

ივანიშვილი: მეჩეთის საკითხი, მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით

15 თებერვალი, 2013 • 1325
ივანიშვილი: მეჩეთის საკითხი, მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით

“ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე შევთანხდმით. სადაც არ შევთანხმდით, იქ დავგეგმეთ, რომ ყველა საკითხს განვიხილავთ და აუცილებლად დადებითად გადავჭრით”, – განაცხადა ივანიშვილმა თურქეთის პრემიერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ანკარაში.

 

ივანიშვილის თქმით, პრობლემურ განსახილველ საკითხებს შორის იყო თურქი ბიზნესმენების საქართველოში შევიწროების საკითხი:

 

“არსებობს კითხვები ბიზნესთან, ჯარიმებთან დაკავშირებით, არსებობენ თურქი ბიზნესმენები საქართველოში, რომლებიც გირაოს სახით გამოუშვეს და კითხვები არსებობს. მე დავპირდი პრემიერს, რომ ყველა საკითხს განვიხილავთ და ვაცხადებ ხმამღლა, რომ საქართველოში შეიქმნება საუკეთესო პირობები ბიზნესისათვის და რა თქმა უნდა, მათ შორის, თურქი ბიზნესმენებისათვის იქნება შესანიშნავი პირობები და ყველა პირობას შევქმნით, რომ თურქმა ბიზნესმენებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ერდოღანთან შეხვედრის დროს, ასევე, ისაუბრეს მსჯავრდებულების საკითხზე და ივანიშვილის განცხადებით, თანამშრომლობა ამ კუთხით იქნება ორმხრივი – თურქეთის მოქალაქე მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოში, შეიძლება გადაეცეს თურქეთის მხარეს და პირიქით.

 

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაზეც ქართულ დელეგაციას თურქეთში მოუხდა საუბარი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს შეეხებოდა:

 

“მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს – ოშკის და იშხანის ძეგლების აღდგენა მიმდინარეობს თურქეთში და მან მყისიერად პასუხი გამცა, რომ იქ შეიძლება დაშვება ქართველი არქიტექტორების, ქართული ჯგუფის და ყურადღების მიდევნება ამაზე და ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თურქული ძეგლების აღწერა გავაკეთოთ და მოვლა-პატრონობას ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

საქართველოს პრემიერი, ასევე, შეეხო საქართველოში მეჩეთის მშენებლობის თემას:

 

“ვისაუბრეთ პრობლემებზე მეჩეთის აშენების, რომელიც, მე მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით”, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად, უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, რასაც საქართველოში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ შეიძლება ახალციხეში რეაბილიტირებული ახმედის მეჩეთის ისტორიული იერსახის აღდგენა იყოს საკმარისი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი