ახალი ამბები

არასამთავრობოები თვითმმართველობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობენ

15 თებერვალი, 2013 • • 1017
არასამთავრობოები თვითმმართველობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობენ

ამ საკითხზე განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 15 თებერვალს გააკეთეს.

 

ორგანიზაციების ცნობით, “მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც, როგორც ჩანს, საჯარო მოხელეთა გათავისუფლება  აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ფაქტია, რომ  ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ”.

 

“ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია მიმდინარე წლის 8 თებერვალს ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში (გადაცემა „ძალა უძალოთა“) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ბატონ  ზურაბ დანელიშვილის მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია. გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ის საკადრო საკითხებს წყვეტს არა კანონის, არამედ თავისი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე და შემდგომშიც ასე გააგრძელებს. „…გამოდის ასე, რომ მე, როგორც საჯარო მოხელე უნდა ვმოქმედებდე კანონში ჩამოწერილი რაღაც მუხლების თანახმად და გამოდის ასე, რომ მე, როგორც რობოტი, როგორც მანქანა, გადაწყვეტილებების მიღებისას ვიყურები კანონის ამა და ამ მუხლის და ასე და ასე…“ გამგებლის მოადგილის განცხადებით, ის მორალს უკითხავდა სოფლის რწმუნებულებს, რათა ეგრძნოთ მორალური პასუხისმგებლობა და სამსახურებიდან პირადი განცხადებების საფუძველზე წასულიყვნენ. გამგებლის მოადგილეს არ დაუმალავს,  თუ როგორ დაავალა გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსს მის სამ თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებები დაეწერათ”, – წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და “სამართლიანი არჩევნების” საერთო განცხადებაში.

>

ორგანიზაციებს მაგალითად ასევე მოაქვთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 7 თებერვალს გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ დანელიშვილი ჭანდარის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტს, ნინო კახაბერს დატოვოს თანამდებობა. მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ნინო კახაბერმა ასევე დაუდასტურა საიას და სამართლიანი არჩევნების კოორდინატორებს პირად საუბარში.

 

არასამთავრობოების დასკვნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაინც და მაინც არც ახლადდანიშნული  ადამიანების კვალიფიკაციით ინტერესდება და მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ სთხოვს. მაგალითად, საიამ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ახლადდასაქმებული 46 პირიდან უმრავლესობას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი. ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ მათ ან აღნიშნული დოკუმენტები დამსაქმებელთან არ წარუდგენიათ, ან ეს მათთვის არავის მოუთხოვია, რაც, ცხადია, ორივე შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა თანამდებობის პირს, იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით და ნუ გასცდება  მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. თანამშრომლების გათავისუფლების თუ სხვა საკითხების გადაწყვეტის დროს თანამდებობის პირებმა განუხრელად უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ეს მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. ხოლო თუ ვინმეს ამ ვალდებულების სათანადოდ გაცნობიერება არ სურს ან არ შეუძლია, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.

 

ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება…), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვითმმართველობის ორგანოების თუ თანამშრომლების მიმართ ან მათი მხრიდან, უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ორგანიზაციები აგრძელებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს. ნებისმიერ პირს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები შეილახა ან ამის საშიშროება არსებობს, მოვუწოდებთ მომართოს ორგანიზაციების ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი