ახალი ამბები

პარლამენტმა თამაბქოს კონტროლის შესახებ კანონი დაამტკიცა

17 მაისი, 2017 • 4751
პარლამენტმა თამაბქოს კონტროლის შესახებ კანონი დაამტკიცა

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 17 მაისს, მესამე მოსმენით, 85 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, მოწევა ნებადართულია მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, სიგარა ბარში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, წინასწარი დაკავების იზოლატორში;  სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან და ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით არის.

ამასთანავე, იცვლება თამბაქოს რეკლამირების წესებიც. კერძოდ, კანონის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში. ასევე, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) ვალდებულია:  უზრუნველყოს იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; მოწევა არ დაუშვას კანონით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე, ჩილიმის განთავსება;  შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა- ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები.

კანონი თამბაქოს გაყიდვის წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს. კერძოდ,  2021 წლიდან ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის ხილვადია ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელისა, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ პირთა ნაწარმის სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა).

უფრო ვრცლად, რა ცვლილებებს ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილებები, წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი