ახალი ამბები

ერდოღანი: გვსურს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა იყოს სამაგალითო სხვა მეზობლებისთვის

15 თებერვალი, 2013 • 1307
ერდოღანი: გვსურს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა იყოს სამაგალითო სხვა მეზობლებისთვის

ერდოღანის თქმით, თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის:

 

“სავაჭრო ბრუნვამ ჩვენ ქვეყნებს შორის 2012 წელს 1.5 მილიარდზე მეტი შეადგინა. თუმცაღა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი და შეიძლება კიდევ უფრო წინ წავიდეთ. საქართველოს ეკონომიკაში თურქულ დაბანდებებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ჩვენი ბიზნესმენები საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში – ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა და ეს არის ახალი დასაქმების ადგილები. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, კიდევ უფრო წინ წავიდეს, შენარჩუნდეს მშვიდობა და იყოს სტაბილურობა ქვეყანაში”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

ივანიშვილი და ერდოღანი
ივანიშვილი და ერდოღანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა 2011 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით გადაკვეთონ საზღვარი:

 

“ამან საფუძველი მისცა ურთიერთობების განვითარებას ორ ხალხს შორის, გაიზარდა მიმოსვლა. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის აეროპორტი. ეს არის მეორე აეროპორტი, რომელიც ერთობლივად გამოიყენება ორი ქვეყნის მიერ და მსოფლიოში სამაგალითოა. შემდგომი ეტაპი იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მიმოსვლის ამოქმედება”.

 

თურქეთის პრემიერის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან საუბრისას მათ განიხილეს თურქი მსჯავრდებულების საკითხი, რომლებიც საქართველოში იხდიან სასჯელს, საუბარი შეეხეო მათი ექსტრადურების საკითხებსაც.

 

“განვიხილეთ, ასევე, 70 წლის წინ უსამართლოდ გადასახლებული თურქი მესხების თავიანთ ქვეყანაში რეპატრიაციის საკითხები. ძალიან ბედნიერ ვარ, რომ ბატონი პრემიერი დადებითად უყურებს ყველა ამ საკითხს და იზიარებს ჩვენს შეხედულებებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერისა და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი