მსვლელობა ხატებით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ოჯახური სიწმინდის ფარსი

ავტორი: გრიგოლ ჭეჟია, თეოლოგი (სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული). 


 

ბავშვობაში და მერე დიდობაშიც ერთი რამე შევამჩნიე, რომ თუ სიმართლის დაცვა გინდა, კარგი ყვირილი უნდა იცოდე. სხვაგვარად არავინ არაფერს მოგისმენს. მე არ ვიცი, კულტურული განვითარების გზაზე რამ მიგვიყვანა აქამდე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ყველა ყვიროდა, ვისაც ბოლო ათწლეულებში ხალხის (ბრბო) ამა თუ იმ მიზნით მობილიზება სურდა. დღესაც, 2017 წლის 17 მაისს,  ალბათ ათასობით ადამიანი გამოვა, იყვირებს, იგინებს, გულზე მჯიღს შემოირტყამს და გაუდგება ოჯახისკენ გზას. საინტერესო ისაა, რომ ამათგან ბევრი (ერთიც რომ იყოს, საკმარისია) ოჯახშიც გააგრძელებს იმავეს. იყვირებს, ცოლს საღორეში დააბამს ან საპირფარეშოში, ბავშვები კიდევ მაგიდის ქვეშ მოფსამენ შიშით. ბოდიში, სახლამდე შეიძლება სახინკლეში შეიაროს. აუ, კიდევ ერთხელ ბოდიში, დღეს ოთხშაბათია და ალბათ სალობიეში შეივლის.

ეს ყოველივე შეიძლება ჩემს მხატვრულ ფანტაზიად აღიქვათ (ნეტავ მართლა  ასეც იყოს), მაგრამ ეს სიმართლეა. დიახ, მე ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი და ჩემი ყურით მომისმენია მათგან ეს ისტორიები. კიდევ, იცით, რას ვამჩნევ? იმას, რომ არ სჭირდება წმინდა ოჯახებს რუპორებით გამხნევება. შეიძლება იმათ საერთოდ ვერ გაიგონ ეს ხმა და ვერ დაინახონ მათთვის გამოფენილი დროშები. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათი ოჯახების უმეტესობას პური სჭირდება და ამისთვის არადამიანური შრომა უწევთ და მრავალი მათგანი ისე დაწვება, რომ ვერც მოისმენს თავისი “კეთილისმყოფელების“ სალამს. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი სჭირდება იმ აქოშინებულ, აყვირებულ მასას, რომელიც ყველაზე მეტს იყვირებს დღეს. იცით, რატომ იყვირებს? იმიტომ, რომ დამალოს თავისი უწმინდურობა. დიახ, დამალოს და წმინდა ოჯახებს ამოეფაროს. ჩემი აზრით, არაა საჭირო მსვლელობები რუსთაველიდან დიდგორის ველამდე. კიდევ ერთხელ უკაცრავად, მსვლელობის მარშრუტი ზუსტად არ ვიცი. უპირველესად კი ადამიანების გულებისკენაა მსვლელობა საჭირო. პატრიარქი ხშირად მოგვიწოდებს, რომ არ უნდა შევეგუოთ სიღარიბეს. დიახ, არ უნდა შევეგუოთ და უფრო მეტიც. დავეხმაროთ საქმით, ლაპარაკის და ყვირილის ნაცვლად. უპირველასად საჭიროა არა მანიპულირება წმინდა ოჯახებით, არამედ თვითგანწმენდა, ადამიანების გათავისუფლება და არა მონობისკენ მოწოდება.

სკოლის პერიოდში ერთ კარგ მასწავლებელთან მიწევდა ურთიერთობა. ჩვენ ხშირად ვიღებდით სხვადასხვა სპორტულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებში მონაწილეობას. ეს მასწავლებელი კიდევ  ყოვეთვის ერთსა და იმავეს გვიმეორებდა. აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა და პრივილეგია მიგვენიჭებინა ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც ჩვენს სულიერ თუ ინტელექტუალურ ზრდას შეუწყობდა ხელს. ჩემი აზრით, დღევანდელი საჩვიდმეტმაისო აქცია, სამწუხაროდ, მიეკუთვნება იმ ღონისძიებათაგანს, რომლითაც რეალურად არც მონაწილე იცვლება უკეთესობისკენ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, უბრალოდ, ადამიანები ისევ მარტონი რჩებიან ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ.

გრიგოლ ჭეჟია, თეოლოგი

გრიგოლ ჭეჟია, თეოლოგი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი