ახალი ამბები

ძალადობით და სიძულვილის ენით გაჯერებული პოლიტიკა

14 თებერვალი, 2013 • • 1393
ძალადობით და სიძულვილის ენით გაჯერებული პოლიტიკა

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ურთიერთობის მოდელი ქართველ პოლიტიკოსებს შორის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, ძალიან შეუწყნარებელია ერთმანეთის მიმართ, რადგან ისინი იყენებენ სიძულვილის ენას, არის კონსტრუქციული ურთიერთობის დეფიციტი, რაც ფსიქოლოგის აზრით, ძალიან ცუდად აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე.

 

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ გაკეთებული რადიკალური განცხადების კულმინაცია 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ფიზიკურ დაპირისპირება იყო. პრობლემაზე სასაუბროდ „მაესტროში“ მიწვეულმა ოპონენტებმა, 13 თებერვალს, პირდაპირ ეთერში, სიტყვიერის შემდეგ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.  

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა, რომელიც ინციდენტის მონაწილე იყო, ბოდიში მალევე მოუხადა მაყურებელს და განაცხადა, რომ ხალხს არ უნდა უწევდეს პოლიტიკოსთა ჩხუბის ყურება.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სიძულვილის ენით საუბარმა ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ, კამპანიური ხასიათი მიიღო. ამის მთავარ ინიციატორად კი ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ.

 

„ეს არის ძალიან სახიფათო, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა უამრავი ადამიანია ამნისტირებული, მათ შორის ისინიც, ვინც ჩემი აზრით,

სერგო რატიანისა და კობა დავითაშვილის ჩხუბი პირდაპირ ეთერში
სერგო რატიანისა და კობა დავითაშვილის ჩხუბი პირდაპირ ეთერში

არ უნდა იყვნენ ამნისტირებული, ზოგი საერთოდ მსხვერპლისა და წამებულის შარავანდედით გამოუშვეს ციხიდან და ამასთანავე უთხრეს ჩვენზე, რომ ესენი არიან, ვინც განსხვავებულად აზროვნებენ, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება. ბუნებრივია, ამის შემხედვარე არ  უნდა გაგვიკვირდეს ის ცემა–ტყეპა, რაც ხდება“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა წევრმა გია ბარამიძემ. ის მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება დროზე არ მოეგო გონს და ადეკვატურად არ მოახდინა რეაგირება ძალადობაზე, სიტუაცია რამდენიმე თვეში უკონტროლო გახდება.

 

გია ბარამიძის აზრით, მოსახლეობაში ძალადობის ესკალაციას ხელს უწყობს ის განცხადებებიც, რომელიც კეთდება ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორისაა პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის განცხადებაც, რომელმაც „ასავალ–დასავალს“ განუცხადა 8 თებერვალს მომხდარ დაპირისპირებაზე:

 

“რომ არა პოლიცია, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციაზე მივიდა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დღეს არცერთი ნაციონალი ფიზიკურად მთელი არ იქნებოდა და თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვათ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული.”

 

სანამ „მაესტროს“ ეთერში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდებოდნენ, კობა დავითაშვილმა სერგო რატიანს უთხრა: „სხვა დროს მოვალ და დაგამტვრევთ ცხვირ–პირს ყველას ერთად, მერე წავალ და ჩავჯდები ციხეში. დათქვით შეკრების ადგილი, მოვალ და ცხვირ–პირს გაგიერთიანებთ და ბოლომდე გაგიჭეჭყავთ გველის თავს. თქვენ ბრძანდებით ნაძირალა, მკვლელი და არაკაცი“.  პარლამენტის დეპუტატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავის საქციელს არ ნანობს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

 

დაპირისპირებაში მონაწილე პარლამენტარები გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გქონდეს იმის უნარიც, რომ სამაგალითოდ მოიქცე. მისივე მოსაზრებით, დეპუტატმა ხალხს უკეთესობის განცდა უნდა შეუქმნას და არ უნდა აფიქრებინოს, რომ ქვეყანა იქცევა.

 

„ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კომიკურს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ „სიძულვილის კამპანიის“ შესახებ.

 

„მიმაჩნია, რომ ძალიან კომიკურია, როცა ისინი ბრალდებებით საუბრობენ. გუნდი, რომელსაც აქვს უმძიმესი დანაშაულობები ჩადენილი,  აქვთ როგორც პერსონალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა, ასევე აქვთ პოლიტიკური, კოლექტიური პასუხისმგებლობა იმ მძიმე წლების გამო, რომელიც გადაიტანა ჩვენმა ხალხმა“, –განუცხადა ბესელიამ „ნეტგაზეთს“. მისივე განმარტებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს,  „ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის კრიმინალური ჯგუფის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ერთადერთი მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას, ამყოფონ სტრესის ქვეშ საზოგადოება და ამ პიარ კადრების მერე მიიღონ კმაყოფილება“.

 

„მესმის, რომ ასეთი გამონათქვამები არ არის კარგი. ბუნებრივია,  ვერ ვიტყვი, რომ კარგია, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პროვოცირებული იყო რატიანის ქცევა და თურმე მას ეპატიება, როცა ხალხს ურტყამს 8 თებერვალს, ეპატიება, როცა დეპუტატს ურტყამს, მაშინ ვიპოვოთ გამართლება დავითაშვილის ქმედებაში, რომელიც გატაცებული ჰყავდათ და კლავდნენ. ასევე, შეიძლება მასაც ემოციურად აეშალოს ნერვები, თუ ამ ლოგიკით მივდივართ, ამის გამართლებაც  შეიძლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ კობა დავითაშვილის მიერ სერგო რატიანისადმი გამოთქმული ბრალდებების შეფასებისას. თუმცა, დეპუტატი დასძენს, რომ ეს ქმნის ანგარიშსწორების საფრთხეს და ამიტომ ემხრობა პოზიციას, რომ ყველამ ერთად დაანებოს თავი კუნთებზე ყურებას და ქვეყანა გადაიყვანონ მშვიდ რელსებზე.

 

პოლიტიკოსებს შორის სიძულვილის ენით ურთიერთობას ეწინააღმდეგება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი აზრით, მსგავსი რამ დაუშვებელია და თუ ეს მოდის თანამდებობის პირისგან, უნდა იყოს განსაკუთრებული და ადეკვატური რეაგირება.

 

„ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობდა ამ ფაქტების დაგმობა, მითუმეტეს, როცა საუბარია ხანგრძლივ პრაქტიკაზე და ეს რეალურად საკმაოდ შორს წასული პროცესია და აქ არ არის საუბარი 1 ან 2 ფაქტზე. რაც უფრო იზრდება სიგნალები, უფრო და უფრო მწვავდება სიძულვილის ენის გამოყენება არაერთი თანამდებობის პირის მხრიდან. მე ვფიქრობ, რაღაც რადიკალური მოქმედებების დროა ხელისუფლების მხრიდან“, – განუცხადა უჩა ნანუაშვილმა „ნეტგაზეთს”. მისივე მოსაზრებით, არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენის წახალისება და ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ამას იყენებენ, უნდა დაისაჯონ მორალურად, უნდა მიეცეთ გაფრთხილება და მოხდეს მათი მარგინალიზება.

 

„რაღაც მსგავსი ფორმები უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რომ მოახდინოს შეჩერება ამ პროცესების. სხვანაირად, რამდენიმე თვეში რეაგირება იქნება გვიან, ამიტომ საჭიროა  ახლავე მოქმედება. არის საფრთხე, რომ მოხდეს სიძულვილის და ძალადობის კიდევ უფრო ესკალაცია. ყველა საჯარო პირმა უნდა გაითავისოს ეს“, – მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აფასებს, თუ რა გვალენა შეიძლება მოახდინოს საჯარო პირების მიერ გამუდმებით სიძულვილის ენით საუბარმა საზოგადოებაზე, მის განვითარებაზე:

 

„ახლა მკვიდრდება აგრესიული ურთიერთობების კულტურა, რომელსაც ჩვენში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, ახლა განსაკუთრებით აღარ ვიკავებთ თავს. მე მგონი, ცოტათი თავში აგვივარდა ყველას, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების ცვლილება უსისხლოდ და დაგვავიწყდა, რომ ეს მშვიდობით მოხდა და ვაგრძელებთ ბრძოლას და ეტყობა, ის აგრესიული მუხტი არ დაკმაყოფილდა. ახლა ყოველდღე ვუყურებთ ამ გახანგრძლივებულ ბრძოლას, ბრძოლაში გავჭედეთ“, – მიიჩნევს ჯანა ჯავახიშვილი. მისივე თქმით, პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ ურთიერთობის ნორმებზე.  შიგნით, პარტიებში უნდა გადაწყდეს, თუ რა მოდელით იურთიერთონ, რომ საზოგადოებაში არ დაინერგოს აგრესიული კულტურა და საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, დესტრუქციული ქცევის მაგალითი არ მიეცეთ. 

 

პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მიერ ოპონენტთა ლანძღვა–გინებამ და სიძულვილის ენამ აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა ონლაინ სივრცეში. ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მომხრეთა ნაწილი ოპონენტების წინააღმდეგ ისევე გამოხატავს აგრესიას, როგორც მათი  პოლიტიკური ლიდერები.

 

მაგალითად, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ფეისბუქში შეიქმნა გვერდი „50 ძველი მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც უნდა ცემო, სანამ ცოცხალი ხარ“. მართალია, გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ეს არის იუმორისტული გვერდი და არ არის მოწოდება ძალადობისკენ, თუმცა, გვერდის ადმინისტრატორი და მომხარებელთა ნაწილი აქტიურად განიხილავენ “საცემი“ ადამიანების სიას და იქვე გამოხატავენ თავიანთ პოზიციებსაც. გვერდის ადმინისტრატორი დროდადრო სიას აახლებს: „მეთოთხმეტე ადგილი ერგო ვირთხას, ანუ მამუკა ახვლედიანს!!!“ გვერდზე მრავლადაა მსგავსი კომენტარები: „ამათი დედა*** და კიდე ეს ყ***ბი ხმას იღებენ“; „ეს წარბგადაგრეხილი ერთუჯრედიანი კანდელაკი რა ვირის წიხლებს ისვრის, ერთი ეგ მაცემინა“; „კუზიანს სამარე ვერ ასწორებს და ამათ ცემა გამოასწორებთ?“; „ იცოდნენ, რომ საცემები არიან და ეშინოდეთ. იქნებ ცოტა ნაკლებად ილაქლაქონ და ჩვენს გაღიზიანებას შეეშვან“.  

 

გაზეთ „რეზონანსის“ ინტერნეტ პორტალმა დღეს, 14 თებერვალს, მკითხველს შესთავაზა გამოკითხვა შემდეგი კითხვებით: 1. ეთანხმებით თუ არა პარლამენტარ კობა დავითაშვილს, რომ მისი კოლეგა სერგო რატიანი არის ნაძირალა, მკვლელი და არაკაცი? 2. ეთანხმებით თუ არა პარლამენტარ სერგო რატიანს, რომ მისი კოლეგა კობა დავითაშვილი იქცეოდა ძალიან ცუდად, არაადეკვატურად, არც ერთი არგუმენტი არ ჰქონდა და შეეძლო მარტო ყვირილი და ბღავილი წინა გარდასულ დღეებზე? გამოკითხვაში მონაწილეთა 70%–ზე მეტი ეთანხმება კობა დავითაშვილის მოსაზრებას, ხოლო, სერგო რატიანის მოსაზრებას არ ეთანხმება 80%–ზე მეტი.

 

ოპოზიციონერთა მარგინალიზებისა და მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის შექმნა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მიერ დაიწყო. მაგალითად, 2012 წლის ივლისში , კარალეთის დევნილთა დასახლებაში მისულ „ქართლი ოცნების“ ლიდერებს ადგილობრივები ქვების სროლით და შეძახილებით – „მოღალატეები“ – დახვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი