ახალი ამბები

მერაბიშვილის დედა: მოსწავლე არ მიცემია, მაგრამ კარგად გავლანძღე

14 თებერვალი, 2013 • 1055
მერაბიშვილის დედა: მოსწავლე არ მიცემია, მაგრამ კარგად გავლანძღე

“უბრალოდ საყვედური მივეცი დაგვიანების გამო მოსწავლეებს და ძალიან მკაცრად გავაფრთხილე. კარგად გავლანძღე. წასულა და უთქვამს, რომ ვცემე, მსგავსი არაფერი მომხდარა,”- ამბობს სკოლის დირექტორი.

 

ჟენია მერაბიშვილი სიცრუეს უწოდებს, ასევე სკოლის დამლაგებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტსაც.

 

“დამლაგებელი მე არ მეხება. მითხრეს, რომ საქმე კარგად არ გააკეთა და ხელფასი დაექვითა, რის გამოც მე მწყევლიდა თურმე. დავიბარე და ვკითხე, მე რა შუაში ვარ, რატომ მლანძღავ-მეთქი. მე თუ დამრჩა ის ფული, მე მომივიდეს ეგ წყევლა, თუ არადა, შენ-მეთქი,”- ამბობს სკოლის დირექტორი. 

 

მისივე თქმით, დღეს საღამოსვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გენინსპექტორი დაუკავშირდა, რომელიც ხვალ დილით სკოლაში აპირებს მისვლას.  

 

ჟენია მერაბიშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” მოსწავლეების გამოყენებით მიზანმიმართულად ახორციელებს მასზე და მის ოჯახზე ზეწოლას. 

 

“მაგათ ჩემს სკოლაში არასდროს ვუშვებდი, ისეთებს წერდნენ ჩემს ოჯახზე,”- აცხადებს მერაბიშვილის დედა. 

 

მერაბიშვილის ბრალდებას „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ რამდენიმე წელია მეხუთე სკოლასთან და ჟენია მერებიშვილთან შეხება არ ჰქონიათ.


 „მკაცრად გვქონდა აკრძალული სკოლასთან მიახლოებაც კი. არ გველაპარაკებოდა არცერთი პედაგოგი და არცერთი მოსწავლე, რაც არ უნდა მომხდარიყო. ურთიერთობა მას შემდეეგ დაიძაბა, რაც გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც ჟენია მერაბიშვილი ამბობდა, რომ უკვირდა რატომ აღელვებდათ მოსწავლეების მშობლებს სასკოლო წიგნებისა და ტანსაცმელის სიძვირე, მაშინ როდესაც შეეძლოთ დაეჩეხათ შეშა და ფული აეღოთ. იმის გამო რომ ეს კომენტარი დავწერეთ, გაგვინაწყენდა და კომენტარს აღარ გვაძლევდა. დღეს ჩვენმა ჟურნალისტმა კომეტნარისთვის სახლში მიაკითხა და უბრალოდ, ვეღარ გამოაგდო,“- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნინო ნარიმანიშვილი. 

 

გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სკოლის დამლაგებლის ცემის ფაქტის შესახებ სტატია დღეს, 14 თებერვალს გამოაქვეყნა.  

 

ცემის ფაქტი “სამხრეთის კარიბჭეს” სკოლაში დაუდასტურეს. 

 

როგორც “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, ჟენია მერაბიშვილმა გუშინ, 13 თებერვალს დილით, “სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონა თმით ითრია, მისი ორი თანაკლასელი კი ქოლგით სცემა. მანამდე კი ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელი საკუთარ კაბინეტში დაიბარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ხელითაც შეეხო.”

 

”2 წუთის დარეკილი იყო ზარი, რომ შევედით მე და გიორგი. ყვირილის ხმა გავიგონეთ მეორე სართულიდან და შევჩერდით, არ გვინდოდა ხელში ჩვენც შევრჩენოდით, მაგრამ ამ დროს უკნიდან მანდატური მოგვადგა და გვითხრა, სასწაფოდ ზემოთ ავსულიყავით. რომ ავედით, 4 ბავშვი უკვე დირექტორს კაბინეტში ჰყავდა შეყვანილი, ჩვენც შეგვიყვანა, დაგვამწკრივა, ერთ მეექვსე კლასელს ქოლგა გამოართვა და ის გვირტყა”, – ამბობს მოსწავლე ნათია კაპანაძე გამოცემასთან საუბარში.

 

როგორც სტატიაში წერია, სკოლის დირექტორის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტი სკოლის დამლაგებელმაც დაადასტურა.

 

 ფოტო სამხრეთის კარიბჭე
ფოტო სამხრეთის კარიბჭე

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი