თბილისში, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი ხვალ გაიხსნება

ხვალ, 18 მაისს, თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება. ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები, დათვები და მგლები იქნებიან.  ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.

როგორც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ამბობს, ზოოლოგიური პარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰექტარი) შეუძლებელია შემდგომი განვითარება, რაც ცხოველების კოლექციის გამდიდრებასა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ახალი ტერიტორია (48 ჰა) კი საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა:

“დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის; დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა” – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში, რომლებსაც დატყვევებულ მდგომარეობაში, აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება. ახალ ვოლიერში კი დაახლოებით 10 მათგანის შეფარება იქნება შესაძლებელი:

„ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა“,- აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

მგელი თბილისის ახალ ზოოპარკში. ფოტო: თბილისის ზოოპარკი

მგელი თბილისის ახალ ზოოპარკში. ფოტო: თბილისის ზოოპარკი

სამომავლოდ ზოოპარკის ადმინისტრაცია ახალ ტერიტორიაზე ირმებისა და ნიამორების გადაყვანას გეგმავს. მათთვის ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

დათვი თბილისის ახალ ზოოპარკში. ფოტო: თბილისის ზოოპარკი

დათვი თბილისის ახალ ზოოპარკში. ფოტო: თბილისის ზოოპარკი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი