ახალი ამბები

“იმედიდან” დათხოვნილი წამყვანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

14 თებერვალი, 2013 • 1152
“იმედიდან” დათხოვნილი წამყვანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

“იმედის” ყოფილი წამყვანებისა და მათი ადვოკატის განცხადებით, წამყვანებს არავისი უფლება არ დაურღვევიათ.


“არ შელახულა არავის უფლებები, საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეულმა წყვილმა, მამაკაცებზეა საუბარი, ბავშვი იშვილა. წამყვანებმა გამოთქვეს პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია ბავშვს ჰყავდეს ორი მამა. სამართლებრივი თვალსაზრისით არავისი უფლება არ დარღვეულია. საქართველოს კანონმდებლობაც ოჯახს ცნობს, როგორც ქალისა და მამაკაცის ქორწინებას. ერთი სქესის მიერ შვილად აყვანაზე საუბარი არც არის. წამყვანებმა ამ შემთხვევაში გამოთქვეს საკუთარი პოზიცია და მოსწონს თუ არა მოსწონს ვინმეს, ეს მათი პოზიციაა,”- განაცხადა წამყვანების ადვოკატმა.


ყოფილმა წამყვანებმა, დღესაც იგივე ფრაზები გაიმეორეს, რაც მათი ტელეკომპანიიდან დათხოვნის მიზეზი გახდა. 


“არ მშურს იმ ბავშვის, ვისაც ორი მამა ეყოლება,”- გაიმეორა სალომე გოგიაშვილმა. 


წამყვანებისა და მათი ადვოკატის განმარტებით, მათსა და ტელეკომპანიას შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა, შესაბამისად, მათი განცხადებით, მათ არც შრომითი ხელშეკრულება დაურღვევიათ აღნიშნული განცხადებით. 


“გავიგეთ რომ არარსებული და ხელმოუწერელი კონტრაქტი აღარ გაგრძელდება.”


წამყვანების თქმით, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მათ ირგვლვ შეიქმნა, თავადაც აღარ ჰქონდათ სურვილი ტელეკომპანია “იმედში” მუშაობა გაეგრძელებინათ. 

 

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, ტელეკომპანია “იმედის” დილის ეთერში მომღერალ ელტონ ჯონის სუროგატ შვილზე გასული სიუჟეტის შემდეგ, ორივე წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არ შურთ იმ ბავშვის, ვისაც ორი მამა ეყოლება. 

 

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია “იმედმა” განაცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია ემიჯნებოდა წამყვანების პოზიციას. 

 

21 იანვარს კი, “იმედის” ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ აღნიშნული განცხადებები ჰომოფობიური იყო და ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევას. 

 

როგორც ყოფილი წამყვანებისგან ირკვევა, ტელეკომპანიის მენეჯმენტში მოგვიანებით, წამყვანებს განუმარტეს, რომ შრომითი ხელშეკრულებები მათთან აღარ გაგრძელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი