ახალი ამბები

ერის გამრავლების მიზნით მუშაობა იწყება

14 თებერვალი, 2013 • 1579
ერის გამრავლების მიზნით მუშაობა იწყება

ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს პრესკონფერენცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ გამართა. 

 

ჩიბურდანიძე ამბობს, რომ პროცესში მთავრობაა ჩართული, რომელიც წინა მთავრობისგან განსხვავებით არსებული ციფრები შემაშფოთებლად მიიჩნია. 

 

“განსაკუთრებით 7-8 წლის განმავლობაში შეინიშნება სერიოზული დემოგრაფიული მდგომარეობის გამწვავება საქართველოში. წინა ხელისუფლებას გაერომ 2010 წლის კვლევის შედეგები გამოუგზავნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. ამ შედეგების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 ათასით მცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 11 მილიონამდე იზრდება და მცირედით იზრდება ასევე, სომხეთის მოსახლეობა. გათვალისწინეთ, რომ სომხეთი მონოეთნიკურია. საქართველოს მოსახლეობის წილი ძალიან მცირე რჩება კავკასიაში,”- ამბობს ჩიბურდანიძე. 

 

ჩიბურდანიძე საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან გაეროს კვლევის მონაცემი მოსახლეობას დაუმალა და ვითარების გამოსწორებისთვის ღონისძიებები არ დაგეგმა. 

 

“ეს ინფორმაცია მოსახლეობას დაუმალეს იმიტომ, რომ მთელი ეს წლები სააკაშვილი შობადობის ბუმზე საუბრობდა. ის ერის მკვლელია,”- აცხადებს ის. 

 

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი და მისი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში და სერიოზულად მუშაობს ახალი ხელისუფლება ვითარების გამოსასწორებლად. “დემოგრაფიული განვითარების ფონდი” კი, რომელიც უახლოეს დღეებში დარეგისტრიდება, ჩიბურდანიძის თქმით, რამდენიმე დღეში პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დემოგრაფიული კატასტროფის პროცესი შენელდეს. 

 

“ჩვენი პრიორიტეტი იქნება მესამე შვილის გაჩენის წახალისება,”- ამბობს ჩიბურდანიძე. 

 

როგორც ირკვევა, ფონდმა ინფორმაციული კამპანია იმ რეგიონებიდან უნდა დაიწყოს, სადაც პრობლემა საგრძნობია. მისი თქმით, ეს კახეთი და მაღალმთიანი რეგიონებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი