თემურ ტყემალაძე და მის მიერ მოკლული მარტორქა. სამხრეთ აფრიკა, 2011 წ. ფოტო: პირადი არქივი

როგორ აღმოჩნდა მარტორქის ფიტული საპატრიარქოში – რას ჰყვება მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი

რამდენიმე წელია ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საპატრიარქოს შენობაში ჩამოკიდებული მარტორქის თავის ფიტულის შესახებ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ გადასცა საჩუქრად.

მედიაში იწერებოდა, რომ თემურ ტყემალაძემ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოკლა მარტორქა და გადასცა საპატრიარქოს, თუმცა მონადირე ნეტგაზეთთან საუბრისას ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკაში სანადიროდ წასვლა მხოლოდ მისი ოცნება იყო, რისთვისაც ერთი წელი აგროვებდა შესაბამის ლიცენზიებსა და დოკუმენტაციას.

“მე ვარ “საფარის კლუბის” პრეზიდენტი კავკასიაში. ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან სერიოზული პიროვნებები. მისი წევრობაც ძალიან პრესტიჟულია და ბევრ რამეს მოიცავს. ეს ორგანიზაცია მის წევრებს ხშირად სთავაზობს საინტერესო ადგილებში ნადირობას. გარდა ამისა, ისინი არიან ბუნების დამცველები და სწორი ნადირობის დამმკვიდრებლები. ამას ნადირობაც არ ჰქვია, ამას უფრო რეგულირებას უწოდებენ. მაგათგან მქონდა მე შემოთავაზება თავის დროზე სამხრეთ აფრიკაში ნადირობის. მარტორქის გარდა, ერთ მამალ და ოთხ დედალ ლომზე ნადირობის ნებართვა მქონდა. მე შემიძლია ჩავიდე სამხრეთ აფრიკაში, მოვინადირო და ჩამოვიდე. ლომის მოსაკლავად არ წავსულვარ იქ, მაგრამ როცა მომინდება, მაშინ შემიძლია წავიდე.

ვინც მე მმასპინძლობდა სამხრეთ აფრიკაში, ის იყო საქართველოში ჩამოსული და ნებართვის სახით ასეთი საჩუქარი გამიკეთა. ეს არის ჩემი პირადი დამსახურება. ამ ცხოველებს მონადირეები უწოდებენ “ოქროს ხუთეულს”. უბრალო მოქალაქეს არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ნადირობაში, ამისთვის შესაბამისი სტატუსი და გამოცდილება უნდა გქონდეს. მთელი დასტა გჭირდება დოკუმენტაციის, რომ ერთხელ მაინც ინადირო. ეს არის სელექციური გამოხშირვა ნადირის, როდესაც ის არის ასაკს გადაცილებული, ზიანს აყენებს გარემოს ან რაღაც მიზეზით აგრესიულია. ამის გამო ხდება მათი ამოღება და იმართება მსგავსი ნადირობები,” – ამბობს ტყემალაძე.

მონადირე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ნამდვილად სურდა, საჩუქარი გაეკეთებინა პატრიარქისთვის და მოკლული მარტორქა საპატრიარქოს გადასცა. მისი თქმით, ამაში ცუდი არაფერია და მოკლული მარტორქის ფიტულიც ღირსეულ ადგილას ინახება:

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ მარტორქა უნდოდა საპატრიარქოსთვის, ეს გადმოცემით ვიცოდი. ბევრი რაღაცები დაემთხვა ერთმანეთს იმიტომ, რომ ჩემი წასვლა სამხრეთ აფრიკაში ასე მარტივი არ იყო. ამ დროს იყო ბევრი მითქმა–მოთქმა, საქართველო და თბილისი ჭორბიურო გახდა. ამიტომ იმდენი მითქმა–მოთქმა იყო, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე სხვაგანაც მქონდა მიცემული ინტერვიუ, სადაც ავხსენი, თუ რატომ და როგორ წავედი სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ისეთი რაღაცები გამოიგონეს, რაც არ მითქვამს.”

 

თემურ ტყემალაძე და მის მიერ მოკლული მარტორქა. სამხრეთ აფრიკა, 2011 წ. ფოტო: პირადი არქივი

თემურ ტყემალაძე და მის მიერ მოკლული მარტორქა. სამხრეთ აფრიკა, 2011 წ. ფოტო: პირადი არქივი

როგორც თემურ ტყემალაძე ამბობს, ილია მეორეს შეეცოდა მარტორქა, თუმცა მას შემდეგ, რაც ნადირობის რეალური დანიშნულების შესახებ უამბო, პატრიარქმა ძალიან კარგად მიიღო ყველაფერი:

“მარტორქა მე არ მიმიტანია საპატრიარქოში. მისამართი მივუთითე და სამხრეთ აფრიკიდან პირდაპირ საქართველოს საპატრიარქოში გაგზავნეს. ალბათ, ყველაზე ღირსეული პიროვნებაა პატრიარქი და ადგილი [საპატრიარქო], სადაც შეიძლებოდა ეს მარტორქა ყოფილიყო. შემდეგ დამიბარა პატრიარქმა და ვისაუბრეთ. ხომ იცით, როგორი კეთილი პიროვნებაა? შეეცოდა მარტორქა, მაგრამ ავუხსენი, თუ რისთვის იყო საჭირო მარტორქის მონადირება. რა თქმა უნდა, მან წუხილი გამოთქვა და მკითხა, საერთოდ შეცოდების გრძნობები თუ გაქვთ მონადირეებსო, მაგრამ რაც ავუხსენი, მან ძალიან კარგად მიიღო ყველაფერი.”

თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ ნადირობა დღეს არ არის გამოკვების საშუალება და ამის გამო არ დასდევენ მოსაკლავად ცხოველებს. მისი თქმით, ასე მხოლოდ ჩვენთან ხდება, რომელსაც ბოლო ვერ მოეღო და ვერ გამოსწორდა მდგომარეობა.

“სამხრეთ აფრიკაში კანონიერ ნადირობას მთელი დადებითი პროცესები მოსდევს, ხოლო ფული, რაც ღირს ნანადირევის ნებართვის მოპოვება და ყველაფერი, ხმარდება იმ ადგილებს, ბუნებას და გაჭირვებულ ხალხს. ცხოველის მოკვლაზე აღარც საუბრობენ – ეს არის უბრალოდ ამოღება ბუნებიდან. ამას სელექცია ჰქვია, რომ გაჯანსაღდეს ბუნება და რამე უარყოფითი შედეგი არ მოჰყვეს ცხოველის არსებობას. ყველა ცხოველი, მით უმეტეს, მამრები, სიბერეში ხდება აგრესიული; მათ აქვთ ძალა, თუმცა რეპროდუქციის და განაყოფიერების უნარი უქვეითდებათ: ლომსაც, მარტორქასაც და დათვსაც. ხშირად არის ხოლმე, როდესაც მამალი ლომები ემტერებიან თავის მოყვრებს და ხოცავენ ერთმანეთს. კიდევ არის მიზეზები, რის გამოც აუცილებელია მათი ამოღება და ბუნების გაჯანსაღება. ამას განვითარებულ ქვეყნებში ისე აკეთებენ, რომ დახარჯული თანხები და ყველაფერი ხმარდება ისევ ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას. აუცილებელია, საქართველოშიც დაინერგოს ეს. მე ბუნების მოყვარული კაცი ვარ და განსაკუთრებით ბოლო წლებში თავი მაქვს გადადებული ტყეზე, ღრეზე და მის გადარჩენაზე. მიკვირს, ქართველები ასე უდიერად რომ ვეპყრობით ბუნებას – ცხოველებსაც და ფლორასაც. განვითარებულ ქვეყნებში უნდა ნახოთ, რა ხდება და როგორ უვლიან ყველაფერს. მაგალითად, საფრანგეთს აქვს ამის დიდი კულტურა. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ხოცვა–ჟლეტა გვეხერხება, თუმცა, ვიმედოვნებ, აქაც დალაგდება ყველაფერი, ღვთის მადლით,” – ამბობს თემურ ტყემალაძე.

მონადირის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში სანადიროდ სულ 10 დღით იმყოფებოდა, რაც მისი ოცნება იყო. მისი თქმით, მარტორქა 375-კალიბრიანი პროფესიონალური სანადირო თოფით მოკლა. 

“ამ სიბერეში კიდევ ვფიქრობ წასვლაზე იმიტომ, რომ ისეთი შანსი მაქვს ლომებზე ნადირობის, უნდა გამოვიყენო. თურმე მონადირისთვის დედალ ლომებზე ნადირობა გაცილებით საინტერესო და აზარტული ყოფილა იმიტომ, რომ უფრო აგრესული და ჭკვიანია, ვიდრე მამალი. სუვენირისთვის მამალ ლომებზე ნადირობას არჩევენ, რადგან ფაფარი და აღნაგობა მოსწონთ. ეს ყველაფერი იქ ხდება ბუნების რეგულირებისთვის, რომ რაღაც ბალანსი არ დაირღვეს. დათვლილი და გაწერილია სულ ყველაფერი: რომელი ცხოველი უნდა ამოიღონ, რატომ და როდის. 71 წლის კაცი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ვნადირობ; თემური თუ არა, სხვა მოკლავს იმ ლომს, არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მე უკვე გადავედი ბუნების დაცვაზე და ცხოველების მომრავლებაზე. ის ასაკი გავიარე, მხოლოდ ნადირობა რომ იყო ჩემი მიზანი,” – ამბობს ტყემალაძე.

მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ იცნობს, თუმცა რამდენჯერმე ბულგარეთიდან და უკრაინიდან გარეული ღორები ჩამოუყვანა საჩხერის ტყეში გასაშვებად:

“ვიცი, რომ ბიძინას ნადირობის მიმართ ლტოლვა საერთოდ არ აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს აკეთებს ქვეყანაში ცხოველებისა და ბუნების დასაცავად. მაგალითად, საჩხერეში მთელი ტყის ტერიტორიას ინახავს. რამდენჯერმე მოვეხმარე გარეული ღორების შემოყვანაში და იმაში, რომ დაცული ყოფილიყო ტერიტორია. ამისთვის მას დიდ მადლობას ვუთვლი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში სხვა ადამიანი არ მინახავს, გარდა რამდენიმე კაცისა, ვისაც თავისი სანადირო მეურნეობა აქვს. თან ის არც სანადირო მეურნეობაა ბიძინასთვის, უბრალოდ, იცავს ბუნებას. ორჯერ თუ სამჯერ ეს ღორები ჩამოვიყვანე სანადირო მეურნეობისთვის და გავუგზავნეთ საჩხერეში, ფული თვითონ გადაიხადა. გარეული ღორების ნაწილი ლაგოდეხში გავუშვით. ასეთი ურთიერთობა მქონდა ბიძინასთან, სხვა არანაირი შეხება არ გვქონია. რა თქმა უნდა, იცის მან ჩემს შესახებ და მეც ვიცი, ვინც ბრძანდება ის – ასეთი ურთიერთობა გვაქვს.”

 

სამხრეთ აფრიკაში მოკლული მარტორქის თავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მისაღებ ოთახში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდით არის ჩამოკიდებული, რასაც ცხოველთა დამცველები აპროტესტებენ . ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა მარტორქის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განგვიცხადეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.