კალაძე მოსახლეობას ხანდოს ხეობაში ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა

ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობა კახა კალაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი დავითური ამბობს, მოსახლეობას შთაბეჭდილება დარჩა, რომ მინისტრი მათი პრობლემების შესახებ არაინფორმირებული იყო. მას შემდეგ კი, რაც ხანდოს მოსახლეობამ ენერგეტიკის მინისტრს საკუთარი პრობლემები გააცნეს, კალაძე ადგილზე ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა:

“ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს ბატონი კახი იყო არაინფორმირებული ამ საკითხზე. როდესაც ვუთხარით ამ პრობლემური საკითხების შესახებ, გვითხრა, ამოვალ და ვნახავ სიტუაციასო. ეს მშენებლები ამტკიცებენ, რომ იქ არაფერი პრობლემა არ არის. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვუთხარით, რომ მიწა გამოსკდა, წყალი წამოვიდა, ბატონმა ჯემალ ახალაიამ დარეკა და დაუდასტურეს. არ იყო ინფორმირებული გუშინ, ეზოებში რომ ქვები შეცვივდა  და დაუნგრია ღობეები და სახლსაც დაეჯახა რამდენიმე ქვა” – ამბობს დავითური.

მისი თქმით, მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სანამ თავად არ მოინახულებს ტერიტორიას, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება. თუმცა, როდის ჩავა კალაძე ფასანაურში, კონკრეტულ თარიღზე ენერგეტიკის მინისტრს მოსახლეობასთან არ უსაუბრია:

შეჩერებით, შეჩერდება მშენებლობა, სანამ ბატონი კახი არ ამოვა და არ გაეცნობა სიტუაციას. კონკრეტულ თარიღზე არ ყოფილა საუბარი” – ამბობს ხანდოს ხეობის მცხოვრები.

ხანდოს ხეობის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას აპროტესტებს. ფასანაურის, ხანდოს და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა  თვეზე მეტია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. მათ აქციაც გამართეს. ხანდოს ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 10 მაისს პოლიციამ 6 ადგილობრივი დააკავა, ხოლო 11 მაისს ისინი 400–400-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ერთ–ერთი პოლიციელის ქმედებამ გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება.

ხანდოს ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზისთვის საჭირო ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. მათივე თქმით, გამოსხივება საზიანო იქნება ადგილობრივების ჯანმრთელობისთვის, ასევე, მშენებლობის ადგილი არის მეწყერსაშიში და იქ ბოძის დადგმამ შეიძლება პროცესები გაააქტიუროს.

დღეს ფასანაურში იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. როგორც ის “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება არ ესაუბრება მოსახლეობას და ნაცვლად იმისა, რომ შიშები გაუქარწყლოს, მათთან დიალოგზე არ მიდის:

“ადგილობრივი მოსახლეობა  არის ძალიან შეწუხებული და ისინი აპროტესტებენ ამ მშენებლობას. აქ არის რამდნიმე პრობლემა. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება არ ესაუბრება საკუთარ მოსახლეობას. ნაცვლად იმისა, რომ მაღალი თანამდებობების პირები, როდესაც არსებობს ასეთი პროტესტი და არსებობს სერიოზული საფრთხეები, ამოვიდეს აქ და ან დასაბუთებული პასუხები გასცეს, ან გაუქარწყლოს ის შიშები, რომლებიც მათ აქვთ, ან ალტერნატივა მოიფიქრონ. ამის ნაცვლად ისინი ძალოვანებს უგზავნიან ადგილობრივ მოსახლეობას, სასამართლოს ძალით აჯარიმებენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ეს პროექტი განხილული არ ყოფილა, ისინი ჩართული არ ყოფილან გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ამბობს ნაცვლიშვილი.

გუშინ, 15 მაისს, განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც. საპატრიარქო განცხადებაში მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებაში, რითაც მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში დარჩენის და ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა კი არ უნდა გაუფერულდეს ამ ნაბიჯებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.