ახალი ამბები

ხანდოს ხეობის მცხოვრებლები კახა კალაძეს ხვდებიან

16 მაისი, 2017 • 2425
ხანდოს ხეობის მცხოვრებლები კახა კალაძეს ხვდებიან

ამ წუთებში ხანდოს ხეობის მოსახლეობა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია და ფასანაურში, ხანდოს ხეობაში მაღალი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას ეხება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

ფასანაურის, ხანდოს და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა  თვეზე მეტია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. მათ აქციაც გამართეს. ხანდოს ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 10 მაისს პოლიციამ 6 ადგილობრივი დააკავა, ხოლო 11 მაისს ისინი 400–400-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ერთ–ერთი პოლიციელის ქმედებამ გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება.

ხანდოს ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზისთვის საჭირო ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. მათივე თქმით, გამოსხივება საზიანო იქნება ადგილობრივების ჯანმრთელობისთვის, ასევე, მშენებლობის ადგილი არის მეწყერსაშიში და იქ ბოძის დადგმამ შეიძლება პროცესები გაააქტიუროს.

დღეს ფასანაურში იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. როგორც ის “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება არ ესაუბრება მოსახლეობას და ნაცვლად იმისა, რომ შიშები გაუქარწყლოს, მათთან დიალოგზე არ მიდის:

“ადგილობრივი მოსახლეობა  არის ძალიან შეწუხებული და ისინი აპროტესტებენ ამ მშენებლობას. აქ არის რამდნეიმე პრობლემა. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება არ ესაუბრება საკუთარ მოსახლეობას. ნაცვლად იმისა, რომ მაღალი თანამდებობების პირები, როდესაც არსებობს ასეთი პროტესტი და არსებობს სერიოზული საფრთხეები, ამოვიდეს აქ და ან დასაბუთებული პასუხები გასცეს, ან გაუქარწყლოს ის შიშები, რომლებიც მათ აქვთ, ან ალტერნატივა მოიფიქრონ. ამის ნაცვლად ისინი ძალოვანებს უგზავნიან ადგილობრივ მოსახლეობას, სასამართლოს ძალით აჯარიმებენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ეს პროექტი განხილული არ ყოფილა, ისინი ჩართული არ ყოფილან გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ამბობს ნაცვლიშვილი.

გუშინ, 15 მაისს, განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც. საპატრიარქო განცხადებაში მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებაში, რითაც მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში დარჩენის და ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა კი არ უნდა გაუფერულდეს ამ ნაბიჯებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი