ახალი ამბები

ბესელიას თქმით, არ შეიძლება კონსტიტუციის განხილვებზე “საგნებით და იარაღებით” შესვლა

16 მაისი, 2017 • 2980
ბესელიას თქმით, არ შეიძლება კონსტიტუციის განხილვებზე “საგნებით და იარაღებით” შესვლა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ შეიძლება “საგნებით და იარაღებით” შესვლა იმ დარბაზში, სადაც მიტინგი არ იმართება და დისკუსია მიმდინარეობს.

ეს განცხადება ეკა ბესელიამ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გუშინ, 15 მაისს, თბილისში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. ახალგაზრდებს, რომლებიც ითხოვდნენ შრომის ინსპექციის შექმნას, თან ჰქონდათ მოტანილი ჩაფხუტები, სასტვენები და ტრანსპარანტები.

“იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ საერთო-სახალხო განხილვას ხელი არ შეეშალოს და შეხვედრები არ ჩაიშალოს, საჭირო იქნება შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება. არ შეიძლება საგნებით და იარაღებით და ასე შემდეგ ადამიანები შედიოდნენ იმ დარბაზში, რომელიც არ ატარებს მიტინგის ხასიათს და არის განხილვის და დისკუსიის სივრცე. ეს არ არის ჩემი საქმე, ეს იმ სამსახურების საქმეა, ვისაც პრევენცია ევალება, ჩვენი საქმეა, დავავალოთ მათ, რომ შეხვედრები ჩატარდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს კონსტიტუციურ პროცესს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში კიდევ მინიმუმ 20 შეხვედრა გაიმართება. თუ სად ჩატარდება ეს შეხვედრები, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი