თბილისი, 2017, ფოტო ნეტგაზეთი

რუსეთის საგარეო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩასვლა სარისკოა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ვიზიტი საფრთხეს შეიცავს, რადგანაც საქართველოს კანონით “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, შესაძლოა, ისინი დააჯარიმონ ან დააპატიმრონ.

“როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს შლის. რთულია, რაციონალური ახსნა მოუძებნო ასეთ საქციელს – რუსულ-ქართული  ურთიერთობების ნორმალიზაციას ხომ საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს.

რაც არ უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილოს, რომ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკები გათვალონ”, – წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება საქართველოში მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებული ქართული მხარის განცხადებას მოჰყვა.

“გასაგები მიზეზების გამო ლუჟკოვის მიმართ “ოკუპირებული ტერიტორიების კანონის” შესაბამისად სანქციები ვერ გამოიყენეს  და უკვე მას შემდეგ გამოაცხადეს “ვერდიქტი”, რაც მან დატოვა “სტუმართმოყვარე საქართველო”. თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო შემთხვევებიც, როდესაც რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში დაუჯარიმებიათ  და დაუპატიმრებიათ კიდეც. ჯარიმა 3 ათასი აშშ დოლარია ან 4 წლით პატიმრობა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ ქართული მხარის მიერ დიპლომატიური ურიერთობების გაწყვეტის გამო თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას მოქალაქეების დაცვის კუთხით შეზღუდული შესაძლებლობები აქვს”.


მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების (ჯარიმა) გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

9 მაისს შსს-მ განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია, შესაბამისად, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და 2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას გეგმავს, რათა საქართველოში ვეღარ შემოვიდეს.

ამავე თემაზე – ლუჟკოვის განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ 2004 – 2010 წლებში [თაიმლაინი]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი