ახალი ამბები

ხელისუფლების მიზანი, შეინარჩუნოს სავალდებულო საყარაულო სამსახური, არალეგიტიმურია – გირჩი

16 მაისი, 2017 • 2642
ხელისუფლების მიზანი, შეინარჩუნოს სავალდებულო საყარაულო სამსახური, არალეგიტიმურია – გირჩი

ხელისუფლების მცდელობა, შეინარჩუნოს სავალდებულო საყარაულო სამსახური და შეზღუდოს ბიბლიური თავისუფლების საქმიანობა, არალეგიტიმურია, რომლის შინაარსიც ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის გზით ძალაუფლების უზურპაციაა, ასე ეხმაურება “გირჩი” მთავრობის ინიციატივას, დაამძიმოს სასჯელი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო.

გირჩს” მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ არალეგიტიმურ მიზნისკენ ასევე არალეგიტიმური ხერხებით მიისწრაფვის.

“საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“  ანუ მთავრობა ფიქრობს, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურება განმარტოს, როგორც „სხვაგვარი მოტყუება“ ?!”, – კითხულობენ “გირჩის” წევრები.

“ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურად გახდომა განიმარტოს, როგორც ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“ – ისეთივე აბსურდია, როგორც უნივერსიტეტში სწავლა განიმარტოს ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“, – აცხადებენ “გირჩში“.

გირჩში ამბობენ, რომ თუ კანონმდებლობაში არ შეიცვლება რელიგიური ორგანიზაციების აღიარების შესახებ ჩანაწერი და ერთადერთ „სერიოზულობის ტესტად“ დარჩება სახელმწიფო რეგისტრაცია – ცხადია, ბიბლიური თავისუფლება ამ ტესტს უპრობლემოდ გაივლის, ისევე, როგორც გაივლიდა ნებისმიერ სხვა სერიოზულობის ტესტს.

“ჩვენ გვაქვს რწმენა, გვწამს თავისუფლების და ვიბრძვით მის მოსაპოვებლად”, – აცხადებენ “გირჩში.”

განცხადებაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თუ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში 30-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კვლავ დარჩება ძალაში, რომლის თანახმადაც, მღვდელთმსახურება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველია, გაუგებარია, რა შინაარსი აქვს ხელისუფლების ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რადგანაც ჯარიდან თავის არიდება დღესაც ისჯება.

“გირჩი” აცხადებს, რომ მათ სახელმწიფო აღიარებს როგორც ეკლესიას, ხოლო სეკულარულობის პრინციპიდან გამომდინარე, ეკლესიის შიდა მოწყობის ყველა საკითხს წყვეტს თავად ეკლესია, მათ შორის, წყვეტს მღვდელთმსახურობის სტატუსის მინიჭების საკითხს.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან რწმენისა და რელიგიის შინაარსში შესვლა და განმარტება საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (case of Metropolitan Church of Bessarabia and Others v. Moldova) – დაცულია. რწმენის თავისუფლება გარანტირებულია.

დღეს და აღნიშნული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაშიც მღვდელთმსახურობა ჯარიდან გადავადების საფუძველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი