ახალი ამბები

საია: თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

15 მაისი, 2017 • 2045
საია: თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო.

საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება  სამართლებრივად არასწორია.

საიას განცხადებით, იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა.

საიასთვის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება, აცხადებს საია.

“შესაბამისად, ეფექტური გამოძიებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით”, –  წერია საიას განცხადებაში.

შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად – არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა, აცხადებს საია.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი