ახალი ამბები

საპატრიარქო ელგადამცემი ხაზების მშენებლობაზე: სჯობს, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას

15 მაისი, 2017 • 4584
საპატრიარქო ელგადამცემი ხაზების მშენებლობაზე: სჯობს, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას

საპატრიარქო აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, სადაც ეს შესაძლებელია.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წუხან იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. ამის გამო მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მივიდა და არსებული ვითარება გააცნო.

“ერთი მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იმავე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს”, – წერია ილია მეორის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროცესები მართულიც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

“ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს”, – წერია განცხადებაში.

საპატრიარქო მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებაში, რითაც მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში დარჩენის და ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა კი არ უნდა გაუფერულდეს ამ ნაბიჯებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი