ახალი ამბებისაზოგადოება

საპატიო ვარსკვლავები კანონს მიღმა

16 მაისი, 2017 • 7323
საპატიო ვარსკვლავები კანონს მიღმა

საქართველოს ტერიტორიაზე “საპატიო ვარსკვლავის” გახსნას არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არეგულირებს. კულტურის პალატაში კი ამბობენ, რომ დღემდე 150-მდე ვარსკვლავი 2000 წელს გაცემული ერთი დადგენილების საფუძველზე გახსნეს, რომელიც არანაირ კონკრეტულ მითითებას არ აძლევდა მათ სამსახურს.

14 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ჯგუფის “სახე” ვარსკვლავი გაიხსნა. ამაში არც კულტურის სამინისტროს, არც მერიის კულტურის სამსახურის და არც კულტურის პალატისგან ნებართვა არ დასჭირვებიათ. მათ მხოლოდ ფილარმონიის ადმინისტრაციასთან მოილაპარაკეს.

ვარსკვლავის გახსნიდან მეორე დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხის სამართლებრივ რეგულირებაზე იმსჯელეს. კომიტეტში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, საზოგადო მოღვაწეებისთვის ვარსკვლავის გახსნაზე გაცემულ ნებართვას თბილისის მთავრობის დადგენილების ფორმა მიეცეს. კომიტეტი თბილისის ტერიტორიაზე “საპატიო ვარსკვლავების” გახსნისთვის რეგულაციებს შეიმუშავებს და ერთი თვის ვადაში საკრებულოს განსახილველად გაუგზავნის.

რეგულაციების დადგენამდე კი თბილისის საკრებულო ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ამ დრომდე ვარსკვლავები გახსნილა, მიმართავს, რომ მომდევნო ერთი თვის მანძილზე არ მიიღონ განცხადებები ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით. საკრებულოსა და კულტურის პალატაში ახლა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავის გახსნაზე მოთხოვნით ნებისმიერს შეუძლია პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს ან სპორტულ მოედნებს. ვარსკვლავის გახსნა თავად ამ დაწესებულებების ადმინისტრაციების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საპატიო ვარსკვლავის იდეას აკნინებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით, ამ დრომდე ეს საკითხი კანონის რეგულირების მიღმა იყო დარჩენილი. საზოგადოებაში კი არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იმსახურებს საპატიო ვარსკვლავს. ამიტომ, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, რომ სფერო დარეგულირდეს, რის მიხედვითაც იმუშავებენ მერიის შესაბამისი სამსახურები.

“დღეს ვერც კულტურის სამინისტრო და ვერც სხვა ორგანო ვერ ერევა ამ საკითხში. ნებისმიერმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა ნაცნობობით თუ ახლობლობის საშუალებით შეიძლება მოიპოვოს ვარსკვლავის გახსნის უფლება, რაც ნამდვილად აუბრალოებს იმ ღვაწლმოსილ ადამიანთა განვლილ ცხოვრებას, ვინც საქართველოს ისტორიაში, ჩვენს რეალობაში დატოვეს დიდი სახელი,” – ამბობს კობახიძე.

თბილისში ამ დრომდე ყველა საპატიო ვარსკვლავი კულტურის პალატამ გახსნა. რეგულაციების დაწესების თხოვნითაც კომისიას კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა მიმართა. პროექტს პალატა 17 წლის განმავლობაში, 2000 წელს თბილისის პრემიერის მიერ გაცემული დადგენილების საფუძველზე, ახორციელებდა. დადგენილების თანახმად, კულტურის საქალაქო სამსახურს უფლება ეძლევა, დაამზადოს ვარსკვლავის ფილა ქართველი ხელოვანებისთვის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

ოქიტაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ჯგუფმა “სახემ” კულტურის პალატისა და თბილისის მერიის გვერდის ავლით დაუბრკოლებლად გაიხსნა ვარსკვლავი, აღმოაჩინა, რომ ეს დადგენილება სამართლებრივ ბერკეტად ვერ გამოდგება და არც სხვა რაიმე საკანონმდებლო რეგულაციაში არსებობს ამ მხრივ განმარტება.

მოქმედი პროცედურის თანახმად, კულტურის პალატას სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირი ან ადამიანთა ჯგუფი მიმართავდა თხოვნითა და რეკომენდაციით კონკრეტული პირისათვის ვარსკვალვის გახსნის თაობაზე. ოქიტაშვილის თქმით, შესულ განცხადებას კულტურის პალატა მერიის მრჩეველთა საბჭოსთან ერთად განიხილავდა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, ასევე მერიის კულტურის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევდა ვარსკვლავის გახსნას. ასევე არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც მრეჩეველთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

“საინიციატივო ჯგუფები გვიგზავნიდნენ რეკომენდაციას და კულტურის პალატა იყო ამ ყველაფერში შემსრულებელი რგოლი. მრჩეველთა საბჭოში კი შედიოდნენ ღვაწლმოსილი პირები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. მე არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებ ერთპიროვნულად,” – ამბობს დავით ოქიტაშვილი.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი 15.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი 15.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ოქიტაშვილის თქმით, ჯგუფი “სახე” ასევე პირველი იყო, ვინც თავადვე მიმართა კულტურის პალატას ვარსკვლავის გახნის სურვილით. ამ შემთხვევაშიც არ იცოდა ოქიტაშვილმა, როგორ უნდა ემოქმედა, ამიტომ, მისი განცხადებით, დრო ითხოვა საკითხის მოსაგვარებლად, რაზეც ჯგუფი არ დათანხმდა.

“მე არ ვყოფილვარ “სახის” ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი. მე მათ ვუთხარი, რომ საზოგადოებაში მათი ვარსკვლავის გახსნამ გამოიწვია ორაზროვანი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, შევთავაზე, რომ გადაგვეტანა ოქტომბერში, რომ დაგვედგინა, როგორ და რანაირად უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. მათ თქვეს არა. 17 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოვიდა ჩემთან ვინმე და მითხრა, რომ მაქვს კონცერტი და მინდა ვარსკვლავის გახსნა,” – ამბობს ოქიტაშვილი.

ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის თქმით, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა ჯგუფისთვის “სახე” ვარსკვლავის გახსნაზე, ამიტომ კულტურის პალატასთან შეუთანხმებლად დაიგეგმა ღონისძიება. ის ასევე მომხრეა, რომ შეიქმნას რეგულაციები, რათა იცოდეს, როგორ უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციამ მომავალში.

უკვე გახსნილი საპატიო ვარსკვლავების შესახებ ინფორმაცია – ვარსკვლავების მფლობელების ზუსტი ჩამონათვალის ან გახსნილი ვარსკვლავების მდებარეობის შესახებ არც თბილისის მერიაში და არც კულტურის სამინისტროში არ აქვთ. კულტურის პალატაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. არ მუშაობს არც მათი ვებგვერდი და სიის მოძიება სხვაგან შესაძლებელი არ არის.

კომიტეტში სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა დროს კულტურის პალატაში შექმნილი მრჩეველთა ჯგუფის წევრები, რომლებიც შემდეგი ერთი თვის განმავლობაში  თავადაც მიიღებენ მონაწილეობას რეგულაციების შემუშავებაში. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მზად არიან კომიტეტთან თამაშრომლობისათვის.

კომიტეტის წამოწყებას მხარს უჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. სევდია უკრეხელიძე და მამუკა ახვლედიანი აცხადებენ, რომ ამ საკითხის თაობაზე სამართლებრივი რეგულაციები კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს, ხოლო დამატებით საკითხებზე მსჯელობისათვის სხვა კომიტეტებისა და ჯგუფების ჩართვაა საჭირო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგი სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით 14 ივნისს ჩაინიშნა.

ბიძინა ივანიშვილი ხსნის გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს, 11.05.2016. ფოტო: დავით ოქიტაშვილის ფეისბუკის გვერდიდან

ბიძინა ივანიშვილი ხსნის გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს, 11.05.2016. ფოტო: დავით ოქიტაშვილის ფეისბუკის გვერდიდან

კალიფორნიაში, ჰოლივუდის ბულვარში, 2017 წლის მონაცემებით, 2600-ზე მეტი ვარსკვლავია გახსნილი.  პირველი ვარსკვლავი 1960 წელს გახსნეს. ბულვარს ყოველ წელს 10 მლ.-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. “ვარსკვლავების ხეივანი” ჰოლივუდის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკუთრებაა. ყოველ წელს პალატის მიერ შექმნილი სპეციალური ბორდი საშუალოდ 200 ნომინანტს განიხილავს და მთელი წლის განმავლობაში სულ მცირე 20 ვარსკვლავის გახნის ნებართვას გასცემს. ნომინანტების დასახელების საშუალება ყველა აქვს, მათ შორისმ ნომინირებული პირის ფანკლუბებს. ვარსკვლავის დამზადების თანხა უნდა გადაიხადოს იმ ორგანიზაციამ, კინოსტუდიამ ან ფანკლუბმა, რომელიც ნომინანტს წარადგენს. შესაძლოა თანხა დაფაროს არტისტის სპონსორმა კომპანიამაც.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და სპორტსმენებისთვის მსგავსი ხეივნები აქვთ ინგლისში, კანადაში, გერმანიაში, ჩინეთში. მაგალითად. შვედეთში არსებობს ცნობილი ადამიანების ვარსკვლავების კედელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი