ახალი ამბები

ეკა გიგაური: გაუგებარია, რატომ მიდიან სამართლდამცველები ფარცხალაძესთან მხოლოდ მეგობრული ვიზიტებით

15 მაისი, 2017 • 2625
ეკა გიგაური: გაუგებარია, რატომ მიდიან სამართლდამცველები ფარცხალაძესთან მხოლოდ მეგობრული ვიზიტებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, გენერალური აუდიტორის ცემის საქმის გამოძიება, რომელშიც ეს უკანასკნელი ყოფილ მთავარ პროკურორს ადანაშუალებს, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ტესტი და გამოწვევაა.

“მათ [შესაბამისი უწყებებს] ახლა ეძლევათ შანსი დაამტკიცონ, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობას მხარს უჭერენ და ყველაფერს აკეთებენ მათი  ეფექტურად ფუნქციონირებისათვის.

ეკა გიგაურის თქმით, თუ მომხდარს ბოლომდე არ გამოიძიებენ, ფაქტობრივად, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტისადმი, რომ პრობლემატურ საკითხებზე კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ხმა არ ამოიღონ და “სახელმწიფოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კანონი არ ეხებათ”.

ეკა გიგაურის თქმით, ამ პროცესს უყურებენ არა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტორები, არამედ პოლიციელები, პროკურორები, ცესკოს თანამშრომლები და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები.

“მათ დაუსჯელობის განცდა არ უნდა ჰქონდეთ. რა უნდა მოსთხოვო აუდიტის რიგით თანამშრომელს ან რიგით პოლიციელს, ან ცესკოს თანამშრომელს. თუ ეს სისტემა მოიშლება, ვერნაირი შედგეს ვერ მივაღწევთ”, – ამბობს ეკა გიგაური და დასძენს, რომ ეს გამოძიება კიდევ ერთი ტესტია იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად მოახერხებს სახელმწიფო პასუხი გასცეს სხვადასხვა უწყებებში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმულ კითხვებს. გიგაურის თქმით, პასუხი ამ კითხვებზე ეფექტური გამოძიება იქნება.

 

“ფარცხალაძესთან მიმართებაში საუბარი არის ხოლმე, რომ მას აქვს განსაკუთრებული გავლენები სამართალდამცველ ორგანოებში, ჩვენ ასევე ვნახეთ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, სადაც შსს-ს თანამშრომლები მეგობრული ვიზიტით იმყოფებიან მასთან მაშინ, როცა იგი არც არის დაკითხული. ეს ინფორმაციაც მედიით გვაქვს. გაუგებარია, რატომ გვესაუბრება ეს ადამიანი პრესრელიზებით, რატომ არ იკითხება ის და რატომ ახორციელებენ სამართლადმაცველები მასთან მხოლოდ მეგობრულ ვიზიტებს”, – ამბობს გიგაური, რომელიც ფიქრობს, რომ ეს საქმე იმ მასალებთან ერთად, რომლის გამოქვეყნებასაც აუდიტის სამსახური აპირებს, პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს.

ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი