ახალი ამბები

“სიცოცხლე უნდათ მუშებს, ესმოდეს თბილისის ქუჩებს” – მსვლელობა თბილისში

15 მაისი, 2017 • 1703
“სიცოცხლე უნდათ მუშებს, ესმოდეს თბილისის ქუჩებს” – მსვლელობა თბილისში

დღეს, 15 მაისს, თბილისში პროფკავშირებისა და სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სამუშაო პირობების მოწესრიგების მოთხოვნით.

მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტის შენობამდე გაგრძელდა, სადაც აქცია მალევე დაიშალა.

აქციის მსხვლელობა პოლიციასთან დაპირისპირებით მიმდინარეობდა. მელიქიშვილის გამზირზე, რომელიც ცალმხრივია, ავტომობილები დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ, ხოლო კოსტავას გამზირზე აქციის მონაწილეებს სავალი გზის ერთი ნაწილი დაკავებული ჰქონდათ, ამიტომ რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო.

პოლიცია მათ სთხოვდა, რომ შევიწროებულიყვნენ და ერთი რიგი დაეთმოთ ავტომობილებისთვის, რასაც აქციის მონაწილეები შეეწინააღმდეგნენ, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ მოწინავე ბანერის დაკეცვა მოუწევდათ. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის ფონზე მსვლელობა მაინც დასრულდა პარლამენტის შენობასთან.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ “სიცოცხლე უნდათ მუშებს, ესმოდეს თბილისის ქუჩებს”. ისინი ასევე ყვიროდნენ “როდემედე?!” – რაშიც იგულისხმება სამუშაო ადგილებზე მშრომელი ადამიანების დაღუპვა. გუშინ, 14 მაისს დაკრძალეს ტყიბულის შახტში დაღუპული 4 ადამიანი.
გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მეშახტეებსა და მაღაროელებს სპეციალური შეღავათები დაუწესდეთ.

“კიდევ ერთხელ გავაგებინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელი აქვთ გადაწყვეტილებასთან, ამ ქვეყანაში ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები: შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლი, რეგრესის პენსიის დაწესება მაღაროელებისთვის და მეშახტეებისთვის, მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის საშემოსავლო გადასახადუს გაუქმება, კონსტიტუციის შეთანხმება სტუდენტებთან და პროფკავშირებთან, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან. ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 4 მეშახტეზე და ვსაუბრობთ, რომ ეს მსხვერპლი უნდა იყოს საბოლოო. 400-ზე მეტი ადამიანია ბოლო 7 წელიწადში დაღუპული. დღეის იქით თუ ეს მსხვერპლი საბოლოო არ იქნება, ნებისმიერი დაღუპული მუშის გარდაცვალება იქნება დღვანდელი პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის კისერზე, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ქვეყანაში შექმნან შრომის ინსპექცია, მათ შეუძლიათ გააკონტროლონ შრომის უსაფრთხოება, კანონში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. ჩვენ ვიცით, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მუშა აღარ დაიღუპოს სამუშაო ადგილზე. არ აკეთებენ იმიტომ, რომ არიან ბიზნესის ზეწოლის ქვეშ. მთავრობაში არიან ბიზნესმენები და მფარველობენ ბიზნესებს. დღეს ყველა ადამიანი გრძნობს, რომ შრომითი სტანდარტები უარესდება ქვეყანაში”, – ამბობს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.

მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში. 15.05.2017 მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში. 15.05.2017 მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში. 15.05.2017 მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში. 15.05.2017 მეშახტეების მხარდამჭერი აქცია თბილისში. 15.05.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი