მღვდელმსახურები ჯარში – რას შეცვლის “ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობამ “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ საკანონმდებლო ბერკეტები აამოქმედა. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს და პასუხისმგელობას განსაზღვრავს. რას ითვალისწინებს კანონი და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით?

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული პროექტით კი, “წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით. განმარტებითი ბარათის თანახმად, სწორედ ამ შემთხვევების დაზუსტებაა კანონის მიღების მიზანი.

განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი “გირჩის” მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე “ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თუმცა ცვლილებების მიზეზი სწორედ ეს კონფესიაა, რადგან,  როგორც ირაკლი სესიაშვილმა 11 მაისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ეს ხელოვნური მექანიზმია:

“ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ფაქტობრივად, მცდელობა არის, კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი, შეხვედრა შედგა. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში გაკეთდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე,” – განაცხადა სესიაშვილმა 11 მაისს.

“ბიბლიური თავისუფლების” მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიდგომა დისკრიმინაციულია:

“როცა კანონს ცვლიან ერთი ჯგუფის გამო, ეს აღარ არის კანონი, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაციული მიდგომა. ხელისუფლება ებრძვის “ბიბლიურ თავისუფლებას”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კანონი მხოლოდ “ბიბლიური თავისუფლების” გამო არ იცვლება და მისი მიღების მიზანი პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა.

“როცა წვევამდელს გამოიძახებენ, თვითმმართველი ორგანოები შეამოწმებენ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და თუ მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტები საეჭვოა, მასალებს პროკურატურას გადაუგზავნიან. შემდეგ პროკურატურა შეისწავლის საქმეს და გამოიძიებს, ადგილი აქვს თუ არა სიმულაციასა და მოტყუებას.”

რას შეცვლის ეს კანონი პრაქტიკაში?

“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, სხვადასხვა მიზეზებს შორის, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი; არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი; მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებელი; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; არის დედისერთა; ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.

ახალგაზრდები, რომლებსაც გადავადებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ, ცდილობენ კანონით გათვალისწინებული ეს საფუძვლები გამოიყენონ და ხშირად ბაკალავრის საფეხურზე უნივერსიტეტში მეორედ აბარებენ, იზიანებენ სხეულს და სხვა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი ამ საფუძვლის გამო შესაძლოა წვევამდელი ვალდებულების გადავადების ნაცვლად ციხეში ჩასვან:

“თუ პირი მაგისტრატურაზე ჩააბარებს, შეიძლება შეედავონ და უთხრან, რომ შენ სწავლა კი არა, ჯარისთვის თავის არიდება გინდოდაო და დაიჭირონ. თუ მეორე შვილს გააჩენს, შეიძლება აქაც იგივე უთხრან. ეს სახიფათო ინიციატივაა,” – აღნიშნავს ოთარ კახიძე.

რაც შეეხება თვითდაზიანებას, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის აზრით,  ეს ნაწილი მკაფიოდ უნდა გაიწეროს:

“ეს უნდა განსაზღვროს ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ. კაცმა რომ თქვას, მოწევაც და ალკოჰოლის მიღებაც სხეულის დაზიანებაა. ამიტომ, ზუსტად უნდა განისაზღვროს ეს კრიტერიუმი. თუ ადამიანი სხეულზე სიგარეტს იწვავს, ან ხელებს ისერავს, ადვილად განსასაზღვრელი არ არის, ეს განზრახ ქნა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო. იურიდიული ფსიქოლოგია ჩემი სპეციალობა არ არის, მაგრამ შეიძლება მთვრალმა ადამიანმა აფექტის მდგომარეობაში ხელები დაისეროს. ეს განზრახ იყო, თუ არა, კვალიფიციურმა ექსპერტიზამ უნდა დადგინოს,” – აღნიშნავს ნიჟარაძე.

ლევან გოგიჩაიშვილი ირწმუნება, რომ ეს შიშები უსაფუძვლოა. მისი თქმით, თუ ადამიანს სწავლა ან ბავშვის ყოლა სურს, ამის გამო შეუძლებელია დაისაჯოს. გოგიჩაიშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ კანონი არა ვალდებულების გადავადებას, არამედ ვალდებულების მოხდისგან თავის არიდებას ეხება:

“სამართლებრივ ქვეყანაში ამის კრიმინალიზება გამორიცხულია. ეს ფანტასტიკის სფეროა. საუბარია სიმულაციაზე, მოტყუებაზე, თაღლითობაზე და ამის გამო კეთდება ეს. კანონი ეხება კონსტიტუციური ვალდებულებისთვის თავის არიდებას და არა მის გადავადებას.”

ნიკა ობოლაძის თქმით, “ბიბლიური თავისუფლება” წვევამდელებს არა თავის არიდებაში, არამედ გადავადებაში ეხმარება და არც სიმულაციებს მიმართავს:

“ჩვენ კანონის სრული დაცვით დავაფუძნეთ რელიგიური ორგანიზაცია და უფლება გვაქვს, ადამიანებს მღვდელმსახურის წოდება მივანიჭოთ, რაც სამხედრო სამსახურის გადავადების კანონიერი საფუძველია.”

იაგო ხვიჩიას თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. მისი თქმით, ისინი საზოგადოებას განუმარტავენ, რომ ამ კანონში საშიში არაფერია:

“ისინი ცდილობენ წვევამდელების დაშინებას, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ. ძალიან მალე ჩვენ განვუმარტავთ საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს ცვლილებები.”

მოტყუება, ოღონდ სხვაგვარი

“როცა საქმე კანონს ეხება, ის უნდა იყოს ნათელი, აღქმადი და ადვილად განჭვრეტადი. როცა საქმე სისხლის სამართლის კოდექსს ეხება, აუცილებელია კანონი იყოს მკაფიო,” – ამბობს ოთარ კახიძე.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, “სხვაგვარ მოტყუებაში” შეიძლება “ბიბლიური თავისუფლების” გზით სვალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება იგულისხმებოდეს. მისი თქმით, ეს სახიფათო გზა არის, რადგან საქმე რწმენის თავისუფლებას ეხება:

“ეს ძალიან საშიში დებულებაა, რომელიც პირდაპირ დაარტყამს რელიგიის თავისუფლებას, რადგან არავის აქვს იმის მტკიცების შესაძლებლობა, რა არის ჭეშმარიტი რწმენა და რა- სიმულაცია. სრული აბსურდია მსგავსი ტიპის ცვლილებების შემოტანა. ხელისუფლებას არ აქვს რწმენის თავისუფლების ნაწილში ჩარევის უფლება,” – აღნიშნავს კორძაია.

მისივე აზრით, რელიგიის ჭეშმარიტების განსაზღვრის მცდელობა საშიში პრეცედენტი იქნება ადამიანის უფლების დარღვევის თვალსაზრისით.

იმავე აზრზეა ნიკა ობოლაძე. მისი თქმით, ხელისუფლება სახიფათო გზას ადგას და რწმენის თავისუფლებაში იჭრება.

“ჩვენ გვწამს რაღაცების და უფლება გვაქვს, გვქონდეს ჩვენი რწმენა და რწმენაში ვიყოთ თავისუფლები. თუ ამ უფლებას გაიყვანენ “სხვაგვარ მოტყუებაში”, გამოდის, რომ სახელმწიფოს უნდა აკონტროლოს, რა არის რწმენა და რა არა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. სიგიჟეა, რომ სახელმწიფომ რწმენა განმარტოს. ეს ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევაა,” – ამბობს ობოლაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ აქვს.

ობოლაძე არ გამორიცხავს, რომ დავა ეროვნულ სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდეს.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს რელიგიური კონფესიის ბუნების განმარტებას:

“არ არსებობს იმის რისკი, რომ ხელისუფლებამ რელიგიის განმარტება დაიწყოს. გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები გამოიტანენ ობიექტური შესწავლის შედეგად. გაარკვევენ, ადამიანი სამხედრო სამსახურს სიმულაციით არიდებს თავს, თუ მართლაც არის რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.”

მისივე განმარტებით, თუ კანონის მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ ხარვეზი კიდევ არის, ის გადაიხედება:

“ვფიქრობ, რომ პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს ამ კანონით რაღაც დოზით ვუპასუხებთ. თუ დავინახეთ, რომ რაღაც პრობლემები კიდევ არის, გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. გადაწყვეტილებებს მივიღებთ კონსტიტუციური თავისუფლებებიდან და უფლებებიდან გამომდინარე,” – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

_________________________________________________

“გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ისინი იძულებული არიან, უმაღლეს სასწავლებელში საგნები დაიტოვონ, ან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეაფარონ თავი –  აქამდე ახალგაზრდები ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში მიდიოდნენ, ხოლო ახლა უკვე შეუძლიათ “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუერთდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.