თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე მთავარი სხდომა სასამართლოში 3 ივლისს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების და დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის სარჩელი განიხილა და მთავარი სხდომა 3 ივლისს ჩანიშნა.

საკრებულოს დეპუტატები სარჩელით ითხოვენ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და ალტერნატიული ტერიტორია სანდრო ეულის ქუჩაზე გადაეცა.

დღევანდელ გამწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობები დააკმაყოფილა – საქართველოს ბანკთან და ზვიად ნაზღაიძესთან ერთად მესამე პირად საქმეში ჩართული იქნებიან მიწის ამჟამინდელი მესაკუთრე ზვიად ჩოხელი, თბილისის მერია და ქონების მართვის სააგენტო.

მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას სასამართლო 3 ივნისს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს დეპუტატები ასევე ითხოვენ, მესამე პირად ჩართული იყოს პირადად თბილისის მერი, დავით ნარმანია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ უკვე თბილისის მერია (და არა – მერი) ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ შუამდგომლობაზე უარი ეთქვათ.

საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ მათ აქვთ მოცულობითი მასალა, მათ შორის, დავით ნარმანიას განცხადებებიდან, რის გამოც უცილებელია მისი დკითხვა. თბილისის მერიის იურისტი ქეთი ბექაური კი ამბობს, რომ “ამ შემთხვევაში ნარმანია არაფერ შუაშია, რადგან საკრებულომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.”

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და დამოუკიდებელი წევრი, ალეკო ელისაშვილი იმედოვნებენ, რომ სასამართლო არ დაკარგავს სახეს და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს მილიონი ლარი რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების სანაცვლოდ გადაეცა.

“ჩვენთვის დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლომ გააუქმოს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ნარმანიამ, მისმა მთავრობამ და თბილისის საკრებულომ მიიღო. ჩვენვის უმთავრესია, აღდგეს სამართლიანობა, ჩვენთვის უმთავრესია, რომ თბილისელებს დაუბრუნდეს ბიუჯეტში მილიონი ლარი. უმთავრესია ის, რომ ეს იყოს სამაგალითო, საქრესტომათიო საქმე შესატანი სამართალდარღვევათა სისტემაში, თუ როდესმე გამოვა ქრესთომატიური წიგნი, რომ მსგავსი ტიპის კორუფციული გარიგებები საზოგადოებაში და ჩვენს სისტემაში აღარ განმეორდეს,” – ამბობს მამუკა ახვლედიანი, ევროპული საქართველოს წევრი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში და მერე დაიწყოს მსჯელობა, რა და როგორ არის:

“რაც იქ მოხდა, არის აშკარად კანონდარღვევა და აშკარად აქვს კორუფციული გარიგების ნიშნები, სხვას იქ ვერაფერს იფიქრებ, საკმარისია, თუნცაც ზედაპირულად გაეცნო ამ საქმეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.”

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, თუ სასამართლო იტყვის, რომ არაფერი მომხდარა, ეს კიდევ ერთხელ დაგვანახებს ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დაბალ ხარისხს. მისი თქმით, იმდენად ნათელია ყველაფერი, უბრალოდ, რთული იქნება რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.