ახალი ამბები

პასუხი კალაძეს: არავინ გვმართავს, ჩვენს ჯანმრთელობას და მთებს ვიცავთ [ვიდეო]

15 მაისი, 2017 • 9489
პასუხი კალაძეს: არავინ გვმართავს, ჩვენს ჯანმრთელობას და მთებს ვიცავთ [ვიდეო]

დღეს, 15 მაისს, თბილისში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვაზე მივიდა ფასანაურში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ეთერ კეკიშვილი, თუმცა სიტყვით გამოსვლა ვერ შეძლო, რადგან განხილვა ჩაიშალა.

მან ნეტგაზეთთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ეწინააღდეგებიან მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემი ხაზის კონკრეტულ ადგილზე მშენებლობას, ასევე, უპასუხა ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “დესტრუქციული” და “უზნეო” ძალები სამინისტროს ბარბაროსულ ქმედებებს აბრალებენ.

 

“იქ, სოფლებში, ცოცხალ ადამიანებს ცოცხლად მარხავენ. იქ არის არამდგრადი ქანები, ანძების დადგმა სრულიად დაუშვებელია. ამას ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვიცავთ. იქ  არის დასხივება, რაც გამოიწვევს ლეიკემიის საფრთხეს. მინდა ბატონ კალაძეს დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით ვუთხრა: ნამართი არის თვითონ იმიტომ, რომ ვინც მას ფულს გადაუხდის, მისი სახელით ისაუბრებს. ჩვენ ასე არ ვართ, საკუთარი თავიდან გამომდინარე ნუ მსჯელობს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიცავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავს, ჩვენს სახლს, ჩვენს ჯანმრთელობას და ერთადერთ სიმდიდრეს, ჩვენს მთებს. ჩვენ არავინ გვმართავს,”- ამბობს ეთერ კეკიშვილი.

ხანდოს ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზისთვის საჭირო ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. მათივე თქმით, გამოსხივება საზიანო იქნება ადგილობრივების ჯანმრთელობისთვის, ასევე, მშენებლობის ადგილი არის მეწყერსაშიში და იქ ბოძის დადგმამ შეიძლება პროცესები გაააქტიუროს.

ამჟამად, როგორც ეთერ კეკიშვილი ამბობს, მშენებლობა გრძელდება. მისივე თქმით მიმდინარე კვირაში საპროტესტო აქციას თბილისში გამართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ მშენებლობა სხვა ადგილას გადაიტანონ.

“მთელი ხეობაც რომ გამოვიდეთ, ჩვენ, მთიულები იმდენად ცოტანი ვართ, რომ დაგვახვევენ ისევ ამ სპეცრაზმს… ძალმომრეობაზე ხომ არ არის, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. მარტო მორალურად არ ვართ მართალი, კანონის დონეზეც მართალი ვართ. ჩვენ ვერც ერთხელ ვერ წარმოგვიდგინეს საბუთები, რის საფუძველზეც იქ სამუშაოებს აწარმოებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენს რელიგიურ გრძნობებს ეხებიან და ჩვენი წინაპრების საფლავებს ანადგურებენ,”- ამბობს ეთერ კეკიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი