ახალი ამბები

პროფკავშირები და სტუდენტები პარლმენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

15 მაისი, 2017 • 2264
პროფკავშირები და სტუდენტები პარლმენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

პროფესიული კავშირების წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეების თქმით, 9 მაისს ტყიბულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოლო უნდა იყოს და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნის გზით ითხოვენ.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამ აქციის მოთხოვნები უცვლელია. მსვლელობის მონაწილეები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ:

“ეს აქცია ემსახურება ხსოვნას ტყიბულში დაღუპული მეშახტეების, ეძღვნება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წლებია ვითხოვთ.  ეს არის საშემოსავლო გადასახადების გაუქმება მეშახტეებისთვის და მაღაროელებისთვის, ეს არის საპენსიო ასაკის დაწევა და შრომის ინსპექცია სამმხრივი კონტროლით- დამსაქმებლები, პროფკავშირები, მთავრობა” – ამბობს პეტრიაშვილი.პროფკავშირების მსვლელობა

 

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვაზე სტუდენტების მიერ სოციალური პრობლემების დაყენების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორია 115-ის წევრებს კომუნისტები უწოდა და თქვა, რომ კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. ფილოსოფოსი გიორგი  მაისურაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეფასდეს როგორც უმეცრება და აზროვნების შეზღუდულობა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლებელია გასააქტიურებელიც იყოს.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი