17990

მაისურაძე: კობახიძე ძალიან წააგავს კარიკატურულ პერსონაჟს, ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვაზე სტუდენტების მიერ სოციალური პრობლემების დაყენების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორია 115-ის წევრებს კომუნისტები უწოდა და თქვა, რომ კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. ფილოსოფოსი გიორგი  მაისურაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეფასდეს როგორც უმეცრება და აზროვნების შეზღუდულობა.

“კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა, საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის. ახალგაზრდებო, მე მინდა მოგიწოდოთ, დაადგეთ იმ გზას, რასაც ილია ჭავჭავაძე დაადგა, ეს არის სწავლის გზა, ეს არის განათლების გზა. თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. ეს არ არის სწორი არჩევანი, ასე არ შეიძლება, თქვენი გზა გაგრძელდეს. მოგიწოდებთ, იაროთ სწავლის და ილია ჭავჭავაძის გზით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები შეიძლება შეფასდეს როგორც უმეცრება და [აზროვნების] შეზღუდულობა. მისი თქმით,  აბსურდულია ასეთი მეტყველება.

“ქართველი პოლიტიკოსები ერთხელ და სამუდამოდ თავს თუ დაანებენ ილია ჭავჭავაძის სახელის ხსენებას, კარგი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარისგან ასეთი ვულგალური ფრაზების სროლა იმაზე მეტყველებს, რომ ის, ცოტა არ იყოს, გეუგებარ ადგილზეა, ასეთი მეტყველება ამ თანამდებობასთან შეუსაბამოა, უხერხულობაა და ძალიან წააგავს კარიკატურულ პერსონაჟს, ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს,” – აღნიშნავს მაისურაძე.

გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ამ ახალგაზრდების და სოციალური თემატიკის დემონიზაცია მიმდინარეობს, რასაც შემდეგნაირად ხსნის:

“ჩვენ ვაშენებთ ულტრანეოლიბერალურ სახელმწიფოს, დღევანდელი მთავრობა ულტრანეოლიბერალური მთავრობაა, ეს არის ბენდუქიძე აყვანილი კვადრატებსა და კუბებში. ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ულტრანეოლიბერალურია. თანამედროვე სამყაროში გაუგებრობა მგონია ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის მქონე პარტიის არსებობა.  როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ნებისმიერი სახის სოციალური კრიტიკა იგივდება კომუნიზმთან. ეს მათი პრობლემაა, მათი შეზღუდულობის და გაუნათლებლობის პრობლემაა. ”

მისივე სიტყვებით, აუდიტორია 115 უფრო მეტად პროევროპული მოძრაობაა, ვიდრე მთელი ჩვენი ნეოლიბერალი მთავრობა:

“ქართველი პოლიტიკოსები ევროპა- ევროპას რომ გაიძახიან და ევროპა კარგი დასასვენებელი ადგილი რომ ჰგონიათ, ევროპა სწორედ სოციალური სახელმწიფოა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასეთები არიან, თავისი შრომის ინსპექციით, კონტროლის მექანიზმებით და რეგულაციების მექანიზმებით.  თუ ევროპა სინგაპურისგან ვერ განუსხვავებიათ, ეს მათი პრობლემაა. მაშინ თქვან, რომ სინგაპურისკენ მიისწრაფიან, როგორც ეს იყო სააკაშვილის იდეალი. ევროპა არის სოციალური ცნობიერება და აუდიტორია 115 უფრო მეტად პროევროპული მოძრაობაა, ვიდრე მთელი ჩვენი ნეოლიბერალი მთავრობა.”


თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.

“4 მეშახტე დაიღუპა რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტყიბულში. მთელი ქალაქი გლოვობს და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ სოლიდარობას ამჟღავნებს. კერძო მესაკუთრემ მოკლა ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ისევ დუმს. სახელმწიფო, რომელიც ბიზნესის მარიონეტადაა ქცეული. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვხედავთ. ეს არ არის ახალი, თუმცა ეს არის ძველის გაგრძელება. ჩვენ ვხედავთ სცენაზე ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებიან ფასადური სოლიდარობის ენით. ერთი წლის წინ მე მახსოვს ვინმე გახარია, ახლა უკვე მინისტთა კაბინეტის წარმომადგენელი, რომელიც მეშახტეებს ჰპირდებოდა მრავალ სიკეთეს, მაგრამ სწორედ უსაფრთხო შრომითი პირობების არუზრუნველყოფის გამო, დღეს ჩვენ ვხედავთ 4 მეშახტეს სამარეში. აი, ეს არის ტყიბულის რეალობა” – თქვა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ.

სოფრომაძემ სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებზეც ისაუბრა:

“წინა წლებში და წელს მშრომელები იღუპებიან სხვადასხვა დასაქმების ადგილას. გარემოვაჭრეებს, რომლებსაც უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ, თქვენ ქუჩებიდან ყრით. თქვენ არ ებრძვით პრობლემების მოზეზს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, როგორ უპირისპირდება სპეცრაზმი მთაში ადამიანებს. როგორ ყრით მათი წინაპრების საფლავებს და რისთვის? გვარწმუნებენ, რომ ეს ქართულ ენერგოპოლიტიკას წინ წაწეწვს. ზუსტად ასეთი საუბარი მახსოვს მე ხუდონჰესზე. დღეს ჩვენ რას ვაწყდებით?! ვაწყდებით მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესელიტებზე და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო” – თქვა სოფრომაძემ.

ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ  ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება.

“მე ვერ ვხედავ შეხვედრის ამ ფორმატში გაგრძელების საჭიროებას. კითხვები არ ისმება აქ იმისათვის რომ მიიღოთ პასუხები. კითხვები ისმება იმისათვის, რომ მოაწყონ პროვოკაცია. პროვოკაციის მოწყობის ადგილი აქ არ არის.” – განაცხადა კობახიძემ და სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.