ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის თქმით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

15 მაისი, 2017 • 1826
ირაკლი კობახიძის თქმით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე ფიზიკური თავდასხმის გამოძიებისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება.

“ჩვენ თუ დავინახავათ იმას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც არის საჭირო, ამ შემთხვევაში ასეთი კომისია შეიქმნება. დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. სათანადოდ უნდა იყოს აუცილებლად, სასწრაფოდ გამოძიებული ეს საკითხი და ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი