ახალი ამბებიკინოხელოვნება

ნეტფლიქსი, ფართო კრიტიკის მიუხედავად, “13 მიზეზის” მეორე სეზონს გადაიღებს

14 მაისი, 2017 • 6700
ნეტფლიქსი, ფართო კრიტიკის მიუხედავად, “13 მიზეზის” მეორე სეზონს გადაიღებს

სუიციდის პრევენცია თუ რომანტიზაცია? – რაზე გვიყვება “ნეტფლიქსის” ბოლო ყველაზე გახმაურებული შოუ, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ამჯერად 16 წელზე უფროსი მოზარდები არიან. კრიტიკის მიუხედავად, პროდიუსერებმა სერიალის მეორე სეზონის სამზადისი უკვე დაიწყეს.

“კეთილი იყოს შენი მობრძანება იმ ჩანაწერში, რომელიც შენზეა,” – ეს არის ფრაზა, რომლის გაგებაც სერიალის “13 მიზეზი, თუ რატომ” (13 Reasons Why) პერსონაჟებს ყველაზე ნაკლებად უნდათ, თუმცა ისინი იძულებული ხდებიან აიღონ პასუხისმგბელობა ადამიანის სიცოცხლეზე და შეეგუონ იმ შედეგებს, რაც მათმა უგუნურმა ქმედებებმა მოუტანა თავად მათ და მათ გარშემომყოფებს.

სერიალის პირველივე ეპიზოდიდან ვიგებთ, რომ ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახის ერთადერთი საზრუნავი – 17 წლის ჰანა ბეიკერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ტოვებს 13 ჩანაწერს, სადაც ესაუბრება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მის გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანეს. ჩანაწერების ყუთის არსებობის შესახებ არაფერი იციან მისმა მშობლებმა და ის რიგ-რიგობით გადაეცემათ ამ 13 ადამიანს. ყუთი ბოლოს კლეი ჯენსენთან ხვდება. იქიდან გამომდინარე, რომ კლეის ჰანა უყვარდა, მისთვის ჩანაწერის მოსმენა მარტივი არ არის, ამიტომ მოსმენის პარალელურად იწყებს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა გახდა რეალურად ჰანას სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა თვითონ დამნაშავე მომხდარში. ფილმის სცენარი ჯეი აშერის 2007 წლის ბესტსელერი რომანის მიხედვით დაიწერა.

გამოჩენის დღიდან “13 მიზეზი, თუ რატომ” სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. “ვერაიეთის” მონაცემებით, მასზე ყველაზე მეტჯერ დაპოსტეს ტვიტერში, ვიდრე სხვა ნებისმიერ ნეტფლიქსის შოუზე. შოუს თემაზე მრავალი ბლოგი შეიქმნა, ფანებმა არაერთი თეორია და სერიალის შესაძლო გაგრძელების ვერსიებიც დაწერეს.

ფილმი შეიცავს ძალადობის სცენებს და შერბილების გარეშე უჩვენებს სუიციდის სცენას. სერიალის 3 ეპიზოდს თან სდევს გაფრთხილება, რომ მისი ყურება ახალგაზრდა ან მოწყვლადი აუდიტორიისთვის მიზანშეწონილი არ არის უფროსის თანხლების გარეშე.

არის თუ არა საფრთხის შემცველი სუიციდის შესახებ დისკუსიის ამ ფორმით გახსნა?

შოუს გამოსვლიდან მოკლე ხანში არაერთი აზრი გამოითქვა სკოლების ადმინისტრატორებისა და ფსიქოლოგების მხრიდან, რომ სერიალის თამამ გადაწყვეტილებას, ეჩვენებინა გაუპატიურების სცენები, აღეწერა სუიციდი, შესაძლოა, ჯაჭვისებური ეფექტი ჰქონოდა მათთვის, ვინც მთავარი პერსონაჟის მსგავსად განიცდის დამცირებას და არის ბულინგის მსხვერპლი.

ხარისხობრივი თვალსაზრისითაც სერიალი ბევრმა კინოკრიტიკოსმა არ მოიწონა. მაგალითად, “ვაშინგტონ პოსტის” კინოკრიტიკოსი ჰენკ სტუვერი სერილის სცენარს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ის არანაირ შიდა პერსპექტივას არ გვთავაზობს დეპრესიის ან მისკომუნიკაციის შესახებ. მისი თქმით, სერიალმა შესაძლოა მოზარდებში უმართავი ბრაზის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.

სერიალს თვითმკვლელობის რომანტიზებაში დასდო ბრალი “როლინგ სტოუნმაც”. სვეტის ავტორი, ალექსა კურტისი წერს, რომ მართალია, სუიციდი, როგორც აქტი, გლამურულად არის წარმოჩენილი, სერიალი მაინც ეხება კიბერბულინგისა და ინტერნეტ სივრცის მავნე გავლენებს ახალგაზრდების ცხოვრებაზე, რაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს ამერიკული საზოგადოებისთვის, სადაც ყოველდღე დაახლოებით 5000 მოზარდს აქვს სუიციდის მცდელობა.

“გარდიანის” რებეკა ნიკოლსონი კი წერს, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნეტფლიქსის შოუს რამდენიმე სერიას ზედიზედ ვერ უყურებთ და სერიალში აღწერილი მძიმე გარემოს გამო შესვენება და ყველაფერის გააზრებაა საჭირო. სერიალის ამოსავალი პრობლემა მიზოგინიაა, რასაც გოგონები ადრეული ასაკიდანვე ეგუებიან. ნიკოლსონი ნეტფლიქსის მცდელობას პრობლემის გაშლას  იწონებს, თუნცა ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც სცენარში ხვრელები ამოუვსებელი დარჩა.

მწერალი ნენსი ჯო სეილსის თქმით, სერიალმა, მართალია, დებატები გამოიწვია, მაგრამ დისკუსიაში ჩართული ვერც ერთი მხარე ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ იღებს 17 წლის მოზარდი მსგავს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვიდრე მოზარდებს გაუპატიურების კულტურაზე, მიზოგინიასა და სექსიზმზე იმ სერიალის ყურების უფლებას მივცემთ, რომლის მთავარი პერსონაჟიც სიცოცხლეზე უარს ამბობს, უმჯობესია, მათთან ეს საკითხები განვიხილოთ. სეილსი თავად მუშაობს წიგნზე, რომელიც ამერიკულ სკოლებში გოგონების ბულინგის თემას იკვლევს და, როგორც ამბობს, სერიალში განვითარებული მოვლენები რეალობასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ პრობლემებზე გოგონების ხმა ისმოდეს.

ჯია ტოლენტინო “ნიუ იორკერიდან” წერს, რომ შოუ სხვა არაფერია თუ არა თვალისმომჭრელი სპექტაკლი, იმაზე, თუ როგორ დააფასეს გოგონა მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ და რამდენად არაჯანსაღია მსგავსი იდეის პოპულარიზება. რაც შეიძლება სერიალის პროდიუსერების მიზანი არ ყოფილა, თუმცა ამისათვის თავის არიდება გაუჭირდებათ.

მწვავე კრიტიკის გამო ნეტფლიქსმა შექმნა დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნები სერიალისთვის და მოამზადა პრომო “მიზეზების გარდა”, რომელიც მეცამეტე სერიას სდევს თან და სუიციდის პრევენციას ისახავს მიზნად.

“ვიმედოვნებთ, რომ “13 მიზეზი თუ რატომ” გახდება დიალოგის კატალიზატორი” – ნათქვამია ნეტფლიქსის საპასუხო განცხადებაში.

tumblr_op6ta0UelT1wosjnro1_500

(c) lilpieceofmyworld.tumblr.com

რას ნახავთ სერიალის მეორე სეზონში?

საწყის ეტაპზე შოუს პრდიუსერები მხოლოდ 13 სერიის გადაღებას გეგმავდნენ, თუმცა გასულ კვირას უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სერიალის მეორე სეზონი 2018 წელს გამოვა და სცენარისტებმა სერიებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. აშერის რომანი იქ მთავრდება, სადაც სერიალის პირველი სეზონი, ამიტომ ჯერ არავინ იცის, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამბავი, თუმცა ფაქტია, რომ შოუმ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა:

რა ბედი ეწევა ალექსს? დაისჯება თუ არა ბრაისი? როგორ დამთავრდება სასამართლო პროცესი? რას გეგმავს ტაილერი? იქნება მეორე ნაწილის მთავარი გმირი კვლავ ჰანა?

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზია. მან მეორე სეზონის თიზერი ინსტაგრამში გამოაქვეყნა და რამდენიმეწამიანი ვიდეო უკვე 8 მილიონ ადამიანზე  მეტმა ნახა.

Their story isn’t over. Season 2 of #13ReasonsWhy is coming.

A post shared by Selena Gomez (@selenagomez) on

მასალების გადაბეჭდვის წესი