საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ალადაშვილის კლინიკაში ლაშა თორდიას დაკითხვა მიმდინარეობს

ექიმის ნებართვის საფუძველზე, ალადაშვილის კლინიკაში გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას დაკითხვა მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი პროკურორი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებს, წარედგინა თუ არა ვინმეს ბრალი თორდიას ცემის საქმეზე. შსს-ში არც იმას ამბობენ, დაიკითხა თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ლაშა თორდიას მეუღლის, მაია ირემაშვილის ინფორმაციით, მისი ქმრის გარდა ჯერ არავინ დაუკითხავთ:

“ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესებულა და სტაბილურია. ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ არის. ტვინის შერყევა აქვს და სახესა და ტანზე დაზიანებები აქვს. მისი ცემის მოტივი სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება,” – ამბობს მაია ირემაშვილი.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.