ახალი ამბები

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

14 მაისი, 2017 • 2971
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

13 მაისს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონიმიკური ურთიერთობები გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა, რომელიც ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე  იქნება დაფუძნებული.

“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას  მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ამასთან, ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელზე,”- აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).

მასალების გადაბეჭდვის წესი