ახალი ამბები

ფასანაურში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გაგრძელდა, ადგილობრივები აქციას აანონსებენ

13 მაისი, 2017 • 4503
ფასანაურში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გაგრძელდა, ადგილობრივები აქციას აანონსებენ

13 მაისს ფასანაურში, ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ბოძების საფლავებზე მშენებლობა ადგილობრივებმა კვლავ გააპროტესტეს. პროტესტის მიუხედავად, სამუშაოები მაინც დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტექნიკა ელექტროგადამცემი ბოძისთვის საძირკვლის გასათხრელად უშუალოდ საფლავების ტერიტორიაზე მუშაობს.

ადგილობრივები იმასაც აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც გადამცემი ბოძი უნდა დაიდგას, მეწყერსაშიშია. ისინი შიშობენ, რომ მშენებლობა მაცხოვრებლებს საფრთხეს შეუქმნის.

ადგილობრივების განცხადებით, სამშაბათს, 16 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ.

ბადრი დავითური, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, გვეუბნება, რომ დღეს, 13 მაისს, მძიმე ტექნიკამ უკვე გადაუარა იმ ადგილებს, სადაც საფლავები  იყო.

მისივე თქმით, სამუშაოები  მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილე ადამიანების ნაწილმა ტერიტორია დატოვა და სპეცრაზმის ავტომობილები გამოჩნდნენ. დავითურმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ადგილზე დაპირისპირება არ ყოფილა, რადგან ადგილობრივები ფიზიკურად ვერ გაუწევდნენ წინააღმდეგობას  პოლიციელების დიდ რაოდენობას.

ბადრი დავითურის განცხადებით,  საპროტესტო აქციის შემდეგ, დაახლოებით 6 საათისთვის ადგილობრივები მცხეთაში, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან შესახვედრად წავიდნენ, რომელიც მცხეთაში გამართულ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვას ესწრებოდა, თუმცა ქუცნაშვილი მცხეთაში აღარ დახვდათ.

„ეს იყო საშინელება, საფლავებზე ჰყავდათ ტექნიკა მობილიზებული. ჩვენი ასვლისას შეაჩერეს მუშაობა, დაელოდნენ პოლიციის და სპეცრაზმის რვა ეკიპაჟს, როცა მოვიდა სპეცრაზმი, უკვე არასამუშაო დღე იყო და მაინც დააწყებინეს მუშაობა. ასეთი რამე მურვან ყრუს არ აქვს გაკეთებული, კალაძე და ქუცნაშვილი გვიკეთებენ ამას. ვანდალურად, ბარბაროსულად გადათელეს საფლავები და სალოცავები… ვითხოვდით დასკვნებს, ექსპერტების ცნობებს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა, პოლიციის ძალით დაიწყეს სამუშაოები,”- განაცხადა ბადრი დავითურმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა ენერგეტიკის  მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა. მან განაცხადა, რომ ადგილობრივებთან  „ჩადიან რაღაც ჯგუფები”, რომლებიც მოსახლეობას მცდარ ინფორმაციას აწვდიან და პანიკის დათესვას ცდილობენ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი