ახალი ამბები

99 ქვეყანაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

13 მაისი, 2017 • 2523
99 ქვეყანაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

მსოფლიოს 99 ქვეყანაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც BBC წერს, თავდასხმა, სავარაუდოდ, განხორციელდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან (NSA) მოპარული საშუალებებით.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს გასარკვევად, შეეხო თუ არა მასშტაბური თავდასხმა საქართველოში რომელიმე უწყებას. მათ მიერ მოწოდებულ პასუხს გაცნობებთ.

BBC-ის ინფორმაციით, კიბერ-უსაფრთხოების კომპანია Avast-მა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უკვე 75 000 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს. ვირუსი 99 ქვეყანაშია, მათ შორის, რუსეთსა და ჩინეთშიც. ყველაზე მძიმე თავდასხმა იყო ეროვნული ჯანდაცვის სამსახურზე (NHS) ინგლისსა და შოტლანდიაში. ვირუსულ პროგრამას WannaCry ჰქვია.

ვირუსი პარასკევს, 12 მაისს გვარცელდა. ბრიტანეთის სამედიცინო პერსონალმა განაცხადა, რომ კომპიუტერები ერთმანეთის მიყოლებით გაითიშა. მათივე თქმით, პროგრამა კომპიუტერისთვს ბლოკის მოხსნის სანაცვლოდ $300-ის ეკვივალენტის ვირტუალური ვალუტის, ბიტკოინის გადახდას ითხოვს.

დღის განმავლობაში მსგავსი ვირუსის შესახებ ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს.

როგორც BBC წერს, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური დარტყმა რუსეთმა მიიღო. როგორც ადგილობრვმა ბანკებმა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა რკინიგზამ და სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილმა მობილურმა ოპერატორმა განაცხადეს, რომ ვირუსულმა პროგრამამ დარტყმა მათაც მიაყენა. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა განცხადებით, მათი 1 000 კოპიუტერი “დავირუსდა”, თუმცა პრობლემა მალევე მოაგვარეს და მნიშვნელოვან მონაცემებს საფრთხე არ დამუქრებია.

ტვიტერის მომხმარებლები აქვეყნებენ მატარებლის ბილეთების ავტომატური მანქანის დავირუსებულ ფოტოებს. იტალიაში ვირუსული პროგრამა გავრცელდა უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

ქვემოთ ტვიტერის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ფრანკფურტში არის გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი