ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს დიპლომი არ ეკუთვნის, ჩემგან ყოველ შემთხვევაში

12 მაისი, 2017 • 3073
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს დიპლომი არ ეკუთვნის, ჩემგან ყოველ შემთხვევაში

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციონალისტის დიპლომი არ ეკუთვნის. “არის თუ არა მზად პრეზიდენტი დიპლომის მიღებისთვის?” – ამ შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

“დიპლომი არ ეკუთვნის, ჩემგან, ყოველ შემთხვევაში. კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას, ასეთ შემთხვევაში მათ ნამდვილად ექნებოდათ ცოტა მეტი ცოდნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხშირად ისინი, ადმინისტრაციის თანამშრომლები, არასწორ, მათ შორის ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე პრეზიდენტს”,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 12 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საუბრისას უთხრა, რომ კონსტიტუციაში იმდენი ამეცადინა, ბარემ დიპლომიც მისცეს.

“იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ,”- მიმართა მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

საუბრის ამსახველ კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ეს საუბარი ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასიციაციების კონფერენციის შემდეგ შედგა.

გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა, თუ რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს.

პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს პრეზიდენტის არჩევის მოდელთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ და სწორედ ეს მოდელი არის ჩაწერილი კონსტიტუციის პროექტში, რომელთან დაკავშირებითაც საერთო-სახალხო განხილვები მიმდინარეობდა. გიორგი მარგველაშვილი კი არ იცვლის პოზიციას და აცხადებს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაართვან.

პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ყოფილა ჩართული, თუმცა ჩაერთო პარლამენტის მიერ ორგანიზებული საერთო-სახალხო განხილვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი